9 თვიანი პაუზის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა იწყება. როგორც BM.GE-ს ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა უთხრა, პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა 23 იანვრამდე გადაიდო ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
მისივე თქმით, 23 იანვრიდან 6 პროცესია ჩანიშნული, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.
"23 იანვრამდე გადაიდო გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 23-იდან ჩანიშნულია 6 პროცესი, როგორც ჩანს ინტენსიურად აპირებს განხილვას.
ცხადია, უცნაური და გასაკვირია, როდესაც 9 თვე პროცესი არ ჩატარებულა და ახლა ყოველ დღე ითხოვს ჩატარებას, ეს კითხვის ნიშნებს გვიჩენს",- განმარტა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ოთხჯერ გადადების შემდეგ, ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტს გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. პროკურორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმეზე ბიძინა ივანიშვილიც დაიკითხებოდა. ამის შემდეგ, სასამართლოს პირველი არსებითი სხდომა აპრილში ჩაინიშნა, თუმცა მოსამართლის ინიციატივით გადაიდო.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.