მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: ბიზნესის ინტერესი ნაკლებად არის დასაქმებულთა ხელფასის სუბსიდირება

5ef0ce9cdacf4
ელენე გოგბერაშვილი
22.06.20 19:43
1452
დასაქმების შესახებ კანონპროექტის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები, მათ შორის სოფიო კილაძე და დიმიტრი ხუნდაძე არიან. დასაქმების ხელშეწყობის ერთ-ერთ მექანიზმად დეპუტატები კანონმდებლებს გარკვეული კატეგორიის პირების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას სთავაზობენ. მოწყვლად ჯგუფებში შედიან როგორც შშმ პირები, ისე სოციალურად დაუცველი და დევნილის სტატუსის მქონე პირები.

კომპანიები, რომლებიც ამ პირებს დაასაქმებენ, სახელმწიფოსგან მათი ხელფასის სარგოს 50%-ის სუბსიდიას მიიღებენ. კანონპროექტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სუბსიდირებას, იდება არანაკლებ 9 თვის ვადით, ხოლო დასაქმებულს სუბსიდია მიეცემა არაუმეტეს 3 თვისა.

„დასაქმების შესახებ კანონპროექტის“ ავტორებმა კონსულტაციები გაიარეს ბიზნესთანაც. როგორც ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ამბობს, კანონპროექტში ბიზნესის მთავარი ინტერესი შრომის ბაზარზე კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრაა. რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების სუბსიდირებას, როგორც ნიკა ნანუაშვილი ამბობს, ამას უფრო სოციალური დატვირთვა აქვს და ბიზნესს სახელმწიფოსთვის სუბსიდირების მექანიზმის შემოღება არ უთხოვია.

„ბიზნესს ხშირად უწევს პროფესიონალი კადრების საზღვარგარეთ ძებნა და ჩამყვანა ან მათი მომსახურების დისტანციურად მიღება და ამაში რასაკვირველია, დიდი ანაზღაურება იხარჯება. ბიზნესის ინტერესი რა არის? ადგილზე მომზადდნენ ან გადამზადდნენ ასეთი პროფესიონალები, ადილზე იქნენ მოძიებულნი. ბიზნესი თავის ინტერეს ამ კანონპროექტში ხედავს ამ ნაწილში, რომ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი იქნას სისტემური მიდგომით გამოსწორებული და აღმოფხვრილი ანუ სახელმწიფო დაეხმაროს ერთის მხრივ ბიზნეს და მეორეს მხრივ ამ ადამიანებს მოხდეს მათი მომზადება- გადამზადება. შემდგომში ამ კადრების დაკავშირება ბიზნესთან უნდა იყოს დასაქმების სააგენტოს მთავარი ფუნქცია.

კანონპროექტის მიხედვით, სუბსიდირება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამუშაოს მაძიებლები განეკუთვნებიან მოწყვლად კატეგორიას შრომის ბაზარზე, ესენი არიან შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, რომელთაც ჩვეულებირვ ვითარებაში დასაქმების ნაკლები შანსი აქვთ.

ბიზნესის ინტერესი სუბსიდირება ნაკლებად არის. ბიზნეს არ უთხოვია, რომ მოდით, ამ ხალხს დავასაქმებ და ამ ხალხს დაუსუბსიდირე ხელფასი, ეს არის უფრო მეტად სოციალური დატვირთვის მქონე აქტი, რომელიც ხელს უწყობს ამ ადამიანების შრომის ბაზარზე ინტეგრაციას. ჩვენ თუ ამას შევხედავთ როგორც სოციალურ პროექტს, კი ბატონო, მაგრამ აქაც უნდა დავინახოთ შედეგი, რამდენი ასეთი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ შრომის ბაზარზე. თუ ეს რიცხვი იქნება მნიშვნელოვანი და სუბსიდირებაც იქნება, თუ პოზიტიურ ციფრს მივიღებთ, ეს იქნება გამართლებული. ყოველ შემთხვევაში ბიზნესის ინტერესი აქ უპირველესი არის შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა კადრების მომზადება გადამზადების გზით“, - აცხადებს ნანუაშვილი.

ცვლილებები დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2021 წლის სექტემბრიდან უნდა შევიდეს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და შესაბამისი რეგიონალური წარმომადგენლობის ბიუჯეტი 3,8 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.