მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: კონკურენციის სააგენტოს WTO-ს არაწევრ ქვეყნებში საქონლის თვითღირებულების დადგენა გაუჭირდება

60b1009450d90
ელენე გოგბერაშვილი
29.05.21 18:00
825
„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ძალაშია. 1 ივნისიდან კი სააგენტო დემპინგის საკითხებთან დაკავშირებით განაცხადების მიღებას დაიწყებს. კონკურენციის სააგენტომ ბაზრის შესწავლა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განცხადება წარდგენილი იქნება ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ ან მისი სახელით.

თუ ადგილობრივი ბიზნესის განაცხადის დასაშვებობაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, კანონის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, მოკვლევის დაწყების შესახებ შეატყობინოს როგორც ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას, ისე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას.

მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ მოახდენს კონკურენციის სააგენტო ექსპორტიორ ქვეყანაში საქონლის თვითღირებულების გარკვევას.

როგორც უწყების ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, ამ შემთხვევაში განხილულია რამდენიმე მეთოდი, მათ შორის თვითღირებულების წარმოქმნის მეთოდი, თუმცა შესაძლებელია, სააგენტომ იმ ქვეყნის რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია დაიქირავოს, რომელიც გონივრულ ხარჯთაღრიცხვას წარუდგენს.

„რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ექსპორტიორ ქვეყანაში ფასთწარმოქმნის ანალიზი, ამისთვის შესწავლის წესის მიხედვით, რამდენიმე მეთოდია განსაზღვრული; მათ შორის ეს შეიძლება იყოს სხვა თანაბარ პირობებში არსებულ პროდუქციაზე თვითღირებულების წარმოქმნის მეთოდიკის გამოყენებით ამ ღირებულების დადგენა და ასევე შეიძლება დავეყრდნოთ კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც მსგავსი პროდუქციის წარმოების შემთხვევაში მოგვცემენ გონივრულ ხარჯთაღრიცხვას", - აცხადებს ლექვინაძე.

თავის მხრივ, საქართველოს ბიზნესასოციაციას სწორედ ფასთწარმოქმნის დადგენის ნაწილში აქვს შენიშვნა. როგორც ასოციაციის იურიდიული დირექტორი ამბობს, კონკურენციის სააგენტოს იმ ქვეყნებში, რომლებიც WTO-ს წევრები არ არიან, იმპორტის თვითღირებულების დადგენა ძალიან გაუჭირდება.

„ანტიდემპინგური ღონისძიებების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს თავად დემპინგის ფაქტი, თუ რა არის დემპინგი. დემპინგი არის საქონლის რეალიზაცია ბაზარზე, ამ საქონლის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად. იმისათვის რომ დავადგინოთ დემპინგი, უნდა დავადგინოთ საქონლის თვითღირებულება. იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრები და მეტნაკლებად იცავენ ამ ორგანიზაციის წესდებას და რეგლამენტებს, ბუნებრივია, თვითღირებულების დადგენა შედარებით მარტივია, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც არ არიან WTO-ს წევრები ან არ იცავენ შესაბამის წესებს და ამ ქვეყნებში დაადგინო კონკრეტული საქონლის თვითღირებულება, ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს პრაქტიკულად შეუძლებელი. ამიტომ კონკურენციის სააგენტოს, რიგ შემთხვევებში, ადვილი ამოცანა არ ექნება, მაგრამ სადაც ამ წესებს იცავენ, იქ ამის გაკეთება ადვილია“, -აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქმის შესწავლისთვის კონკურენციის სააგენტოს 12 თვე აქვს, თუმცა ეს ვადა შეიძლება არაუმეტეს 6 თვით გაგრძელდეს.

იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის სააგენტო დაასკვნის, რომ ბაზარზე ნამდვილად აქვს ადგილი დემპინგს, ასეთ დროს საქართველოს მთავრობა სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც კანონის მიხედვით, არაუმეტეს 5 წლის ვადით განისაზღვრება. ამ შემთხვევაში ტარიფი საექსპორტო ქვეყანასა და საქართველოში არსებული ფასის სხვაობიდან გამომდინარე დგინდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები