აგრო საკონსულტაციო კომპანია „აგრითაჩი“ საკუთარ ბაღში ინოვაციური აგროტექნოლოგიის დანერგვას იწყებს და პარალელურად, ამავე სერვისის შეთავაზებას სხვა ფერმერებისთვისაც გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ BM.GE-სთან განაცხადა.
საუბარია ტექნოლოგიაზე, რომელიც ბაღს სპეციალური მოწყობილობით ასკანერებს და მცენარეების შესახებ დეტალურ მონაცემებს აგროვებს. ვეფხვაძის ინფორმაციით, მოწყობილობა სპეციალური სენსორებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თითოეულ ნერგს აანალიზებს და ფერმერს ბაღის მდგომარეობაზე, მცენარის განვითარებასა და მოსავლის პოტენციალზე სრულ ინფორმაციას აწვდის.
მისი თქმით, ტექნოლოგიის მთავარი მიზანი, ფერმერებისთვის მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის შექმნაა.
„ტრადიციულად ფერმერები ხშირად გადაწყვეტილებებს გამოცდილებაზე და ინტუიციაზე დაყრდნობით იღებენ. ეს ტექნოლოგია ბაღის მართვას გადაჰყავს მონაცემებზე დაფუძნებულ მოდელზე“, – აღნიშნავს ის და დასძენს, რომ სისტემა ფერმერებს საშუალებას აძლევს მოსავლის მოცულობა წინასწარ განსაზღვრონ, კრეფის პერიოდები დაგეგმონ და მუდმივად აკონტროლონ მცენარეების განვითარების ფაზები. ტექნოლოგიას ასევე შეუძლია დაავადებებისა და სტრესის ადრეული აღმოჩენა და პრობლემური ან სუსტი ნერგების გამოვლენა.
„ტექნოლოგიას შეუძლია მოსავლის პროგნოზირება დაახლოებით 97%-იანი სიზუსტით თითოეული ნერგის მიხედვით. ზუსტი მონაცემები ნიშნავს უფრო სწორ პროგნოზს, ნაკლებ დანაკარგებს და უკეთ დაგეგმილ სამუშაო პროცესებს“, – ამბობს ის.
მისივე თქმით, ტექნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეკოლოგიური მდგრადობაც არის, რადგან იგი პესტიციდებისა და სასუქების გამოყენების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.
„ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში ხშირად ხდება პესტიციდებისა და სასუქების ერთნაირი დოზით შეტანა მთელ ბაღში, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ ზონაში იყოს. ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ზუსტად დავადგინოთ სად არის დაავადება ან სტრესი და დავამუშაოთ მხოლოდ საჭირო ადგილები“, – ამბობს ვეფხვაძე.
AgriTouch-ის წარმომადგენელი ტექნოლოგიაში განხორციელებული ინვესტიციის ზუსტ მოცულობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროექტი მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. „ტექნოლოგიის განვითარება და საქართველოში შემოტანა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას. მისი მოცულობა საკმაოდ სოლიდურია, თუმცა ჩვენი მიზანია საქართველოში განვითარდეს თანამედროვე, მონაცემებზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობა,“ – აცხადებს ის.
კომპანიის გეგმებით, პირველ ეტაპზე ტექნოლოგია საქართველოში მოცვის პლანტაციებში დაინერგება, თუმცა მომავალში მისი გამოყენება სხვა კულტურებშიც იქნება შესაძლებელი.




























