ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დააანონსა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გრანტების სახით, რეზიდენტულ შენობებზე მზის ელექტროსადგურების დასამონტაჟებლად გასცემს. მიზანი კი ათასობით დაბალშემოსავლიანი ოჯახის განახლებადი ენერგიით მომარაგებაა - ამის შესახებ ბაიდენმა დედამიწის დღესთან დაკავშირებულ სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა გარემოსდაცვითი აქტივობათა მთელი სერია დააანონსა, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
თეთრი სახლის განმარტებით, $7 მილიარდიანი გრანტი, რომელიც “ინფლაციის შემცირების აქტის” ფარგლებში გამოიყოფა, ქვეყნის მასშტაბით 200 000 სამუშაო ადგილს შექმნის და დაბალშემოსავლიან ოჯახებს წელიწადში $400-ის დაზოგვაში დაეხმარებათ. გრანტებს მიიღებენ როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი სააგენტოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაბალშემოსავლიანი თემებისთვის ელექტროენერგიაზე ხარჯების დაზოგვისთვის საჭირო პროგრამებს შეიმუშავებენ. გამარჯვებულებს შორის ხვდებიან ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც მზის პანელების პროექტებს ალასკაში, არიზონაში, ნიუ-მექსიკოსა და კოლორადოში მცხოვრები აბორიგენებისთვის ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ რეზიდენტულ შენობებზე მზის პანელების განთავსება დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ამიტომ, გრანტების სერია ბაიდენის იმ გეგმასთანაა თანხვედრაში, რომლის თანახმადაც სუფთა ენერგიაში ჩადებული ფედერალური ინვესტიციის 40% სწორედ გაჭირვებული თემების საკეთილდღეოდ უნდა დაიხარჯოს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, ახალგაზრდა ამომრჩევლების ხმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებისთვის კი კლიმატის ცვლილება და მასთან ბრძოლის გზები ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რის მიხედვითაც ისინი პრეზიდენტობის კანდიდატებს უჭერენ მხარს. 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენი მის წინამორბედს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.