აშშ-ის არჩეული და მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში შეხვდებიან ერთმანეთს. ეს ერთგვარი ტრადიციაა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისა, რომელიც 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ ტრამპმა დაარღვია. ტრამპმა არც თეთრ სახლში მიიწვია ბაიდენი და არც მის ინაუგურაციას დაესწრო, რაც ასევე ტრადიციად ითვლება.
2020 წლის შემდეგ აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი პირველად დაბრუნდება თეთრ სახლში. ბაიდენმა 6 ნოემბერს უკვე მოულოცა არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება და როგორც თეთრის სახლის პრესსპიკერმა თქვა, ამერიკელი ხალხი იმსახურებს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას და დღეს ამას ყველა ნახავს. მანამდე თეთრმა სახლმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტი ინაუგურაციას დაესწრებოდა იმის მიუხედავად ვინ მოიგებდა. როგორც მედია იუწყება, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი ბაიდენ-ტრამპის შეხვედრას არ დაესწრება.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად 5 ნოემბერს გამართულ არჩევნებში აირჩიეს. რესპუბლიკურმა პარტიამ ასევე დაიბრუნა სენატში უმრავლესობა.
ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების ზრდას, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მასობრივ დეპორტაციას შეეხებოდა.