პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის პროექტს საბოლოოდ მოაწერა ხელი, რითაც $1.7-ტრილიონიანი 2023 წლის ბიუჯეტი ძალაში შევიდა.
ბიუჯეტის პროექტს კონგრესის ქვედა პალატის 225-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, 201-ის წინააღმდეგ, რაც შეეხება სენატს, ზედა პალატის 68 წევრმა ბიუჯეტი დაამტკიცა, 29 სენატორი კი პროექტის წინააღმდეგი იყო.
$1.7-ტრილიონიანი ბიუჯეტი თავდაცვისთვის 858 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს, სახელმწიფო პროგრამებზე კი 772 მილიარდის დახარჯვაა გამიზნული.
პროექტის თანახმად, უკრაინის დასახმარებლად 45 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, აღნიშნული თანხის ნაწილი კი ითვალისწინებს: სამხედრო, სოციალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
4155-გვერდიან დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ იკრძალება აშშ-ის ბიუჯეტიდან იმ სახელმწიფოებისა და მთავრობების დაფინანსება, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს დამოუკიდებლად აღიარებენ ან მათთან გარკვეული სახის დიპლომატიურ ურთიერთობებს აწარმოებენ.
თავდაცვაზე გამოყოფილი 858 მილიარდი დოლარი აშშ-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია, რაც რუსეთ-უკრაინის ომითა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბვითაა განპირობებული.




























