მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაკურიანის 10 800-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს" - რა ეტაპზეა სამუშაოები?

ბაკურიანი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების 3 პროექტი მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, 2023 წელს კომპანიამ ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 4 პროექტი განახორციელა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 5 მლნ. ლარი შეადგინა. შედეგად, მათივე ცნობით, დაბა ბაკურიანის 10 800-მდე ბენეფიციარი უკვე სარგებლობს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით. თუმცა, როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, კურორტის მდგრადი განვითარების და ტურისტების მზარდი ნაკადის პარალელურად, აუცილებელია წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია.

"ისტორიაში პირველად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს და წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალ ქსელებს აშენებს, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ 15 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებითა და სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი, მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აშენდება ყველა ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კურორტის განვითარებას. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 150 მლნ. ლარი მოხმარდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უახლოეს მომავალში კურორტზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას", - წერია წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წელს იგეგმება.

ცნობისთვის, უკვე წლებია ბაკურიანში ბიზნესი და მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემაზე საუბრობს. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე - ზამთარსა და ზაფხულში მწვავდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები