მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტზე გადავიდნენ

63aefae1ab5f2
შოთა ტყეშელაშვილი
03.01.23 12:07
762
სტატიაში საუბარია:
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მოქმედი ბანკები ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდნენ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განახლებული პარამეტრებით იცვლება აღრიცხვიანობის წესები, ასევე სხვადასხვა აქტივის რისკის კატეგორიის განსაზღვრის წესი და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესი. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ცვლილებები მოიცავთ:

"საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. კომერციული ბანკების საზედამხედველო ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) გადასვლა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიით იყო გათვალისწინებული. ფასს-ზე გადასვლით საბანკო სექტორის საჯარო და საზედამხედველო ანგარიშგებები ევროპისა და მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას დაუახლოვდება. 2020-2022 წლებში ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ფასს-ზე გადაყვანის კონცეფცია და ცვლილებები;

დამტკიცდა "ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესი" და ცვლილებები შევიდა შესაბამის ბრძანებებში, რომელიც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში.

"ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესი" ფასს 9-ს ეფუძნება და გარკვეულ საკითხებზე აკონკრეტებს მიდგომას, რომლითაც კომერციულმა ბანკებმა საზედამხედველო ანგარიშგებაში ფასს 9-ის გამოყენებისას უნდა იხელმძღვანელონ. წესის დანერგვა ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალების გამოთვლის მიდგომების შესადარისობასა და ფინანსური ანგარიშგების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობდა კომერციულ ბანკებთან, საბანკო ასოციაციასთან, აუდიტორულ ფირმებთან და მსოფლიო ბანკის კონსულტანტებთან.

ფასს-ზე გადასვლის შედეგად, კომერციულმა ბანკებმა საზედამხედველო ნორმატივები უნდა დაიცვან ფასს-ზე დაფუძნებული რიცხვებითა და მიდგომებით. ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადებული პრინციპით, ფასს-ზე გადასვლისას, სხვა თანაბარ პირობებში, მაქსიმალურად უნდა შენარჩუნებულიყო საზედამხედველო კაპიტალის ხარჯის მიმართ ნეიტრალური მიდგომა. ამ მიზნით, კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოში შევიდა ცვლილებები. კერძოდ, "პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესს" დაემატა საკრედიტო რისკის კორექტირების (CRA) ბუფერი და მისი დათვლის განახლებული წესი. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დაწესების მიზანია აქტივებისათვის შექმნილი არასაკმარისი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით გამოწვეული საკრედიტო რისკის შემცირება და კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.



აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ფასს-ზე გადასვლასთან ერთად, ნარჩუნდება პარალელური ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე. პარალელური ანგარიშგების პერიოდში კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან საზედამხედველო ანგარიშგებები მოამზადონ როგორც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის“ (ე.წ. ადგილობრივი GAAP) შესაბამისად,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები