დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო.
კანონპროექტით, ბანკებს შესაძლო ფინანსური კრიზისის დაზღვევის მიზნით სარეზოლუციო ფონდში თანხების წინსწრებით მობილიზება მოუწევთ. ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ცვლილებები ეხება ყველა ბანკს, როგორც საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, ისე უცხოური ბანკების ფილიალებს.
სარეზოლუციო ფონდში შენატანები დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ის ოდენობით არის განსაზღვრული, რა სამიზნე მაჩვენებელსაც სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა 2033 წლამდე უნდა მიაღწიოს. თუ კანონპროექტს არსებული რედაქციის დაამტკიცებენ, ბანკებმა ფონდში შენატანები 2025 წლიდან უნდა განახორციელონ.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რიცხვებში გამოხატული, დაახლოებით 300 მილიონი ლარია ის თანხა, რომელიც 2025 წლიდან შემდეგი 8 წლის განმავლობაში ბანკებმა ფონდში უნდა შეიტანონ.
დამატებითი ბუფერის შექმნა საბანკო სექტორისთვის ხარჯია, ამიტომ ახალი ვალდებულების გაჩენა გავლენას იქონიებს საპროცენტო განაკვეთებზე - ასეთი მოლოდინი აქვს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მოქმედ დეპუტატ რომან გოცირიძეს.
„ეს ცვლილებები ნაადრევია, რომელიც რა თქმა უნდა გამოიწვევს საბანკო პროცენტის ზრდას. ეს დამატებითი ხარჯებია ბანკებისთვის. ეს არის რისკების დასაზღვევად მეტი ფინანსური რესურსის შენახვა, მაგრამ უძვირებს კრედიტებს მოსახლეობას და ბიზნესს. ბევრია ეს [3%], უნდა ყოფილიყო უფრო დაბალი განაკვეთი და ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო აკუმულაცია და არა იმ ფორმით, როგორც ხდება დღეს“,-აცხადებს რომან გოცირიძე.
„სხვათა შორის მაგ შეკითხვა მეც მქონდა ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, როცა ეს კანონპროექტი შემოვიდა პარლამენტში. მათ თქვეს, რომ ეს გავლილი აქვთ კომერციულ ბანკებთან და ისინი გაგებით შეხვდნენ ამ საკითხს. მე მითხრეს, როგორც სებ-მა, ისე ფინანსთა სამინისტრომ, რომ ისინი თანახმა არიან ამაზე“,-აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.
რაც შეეხება საბანკო სექტორის პოზიციას, როცა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა BMG-სთან განაცხადა, რომ საბანკო სექტორს შენიშვნები ძირითადად თანხების შეგროვების ვადებთან დაკავშირებით ჰქონდათ, რაც ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა. რაც შეეხება ცვლილებებს, დამატებითი ბუფერის გაჩენა საბანკო სექტორისთვის ბუნებრივია ხარჯია, თუმცა ასოციაციის შეფასებით, ამან ბაზარზე პრინციპულად მდგომარეობა არ უნდა შეცვალოს.
თანხების წინასწარ შეგროვება რეზოლუციის ფონდში ევროდირექტივის ნაწილია და ცვლილებები ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით შემუშავდა.