საბანკო სექტორს კიდევ ერთი ახალი ბუფერის შექმნა მოუწევს. პარლამენტმა „ეროვნული ბანკის“ შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა უკვე დაიწყო. კანონპროექტით, ბანკებს შესაძლო ფინანსური კრიზისის დაზღვევის მიზნით სარეზოლუციო ფონდში თანხების წინსწრებით მობილიზება მოუწევთ. ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ცვლილებები ეხება ყველა ბანკს, როგორც საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, ისე უცხოური ბანკების ფილიალებს.
თანხების წინასწარ შეგროვება რეზოლუციის ფონდში ევროდირექტივის ნაწილია და ცვლილებები ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით შემუშავდა.
თუ მოქმედი კანონმდებლობით, ფინანსური კრიზისის დროს რეზოლუციის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება დროებით ფინანსური რესურსის გამოყოფა და მისი დაფარვის ვალდებულება შემდგომ წარმოეშობათ ბანკებს, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით საბანკო სექტორს ფონდში თანხების კონტრიბუცია წინსწრებით მოუწევთ.
დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა 2033 წლამდე უნდა მიაღწიოს. თუ კანონპროექტს არსებული რედაქციის დაამტკიცებენ ბანკებმა ფონდში შენატანები 2025 წლიდან უნდა განახორციელონ.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რიცხვებში გამოხატული, დაახლოებით 300 მილიონი ლარია ის თანხა, რომელიც 2025 წლიდან შემდეგი 8 წლის განმავლობაში ბანკებმა ფონდში უნდა შეიტანონ.
„კომერციულ ბანკებს და მთლიანად საბანკო სექტორს გაუჩნდება ვალდებულება, რომ წინასწარ დაიწყონ ფონდში თანხების აკუმულირება. ზოგადი სამიზნე ნიშნული არის დაზღვეული დეპოზიტების 3%, რის მიხედვითაც იქნება შემდეგ 8 წელში შესავსები მთლიანი თანხა. აქ ნაგულისხმევია, რაც ლიმიტი 30 000 ლარამდე გაიზრდება. დაახლოებით 8,7 მილიარდი ლარია ნავარაუდები გაზრდილი ლიმიტის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა და აქედან 3%-ზეა საუბარი. 2025 წლიდან დაიწყება შენატანების განხორციელება და აქედან 8 წელზე გადანაწილდება თანხები.
საკმაოდ მცირე გამოდის საბანკო სექტორის აქტივებთან მიმართებით და შემოსავლებთან/წმინდა მოგებასთან მიმართებით. არ ველოდებით, რომ მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საბანკო სექტორზე. სულ საუბარია დაზღვეული დეპოზიტების 3%-ზე, რაც დაახლოებით 300 მილიონ ლარზე ნაკლებია საწყის ეტაპზე , რაც არ არის იმხელა რიცხვი, რომ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს“, - აცხადებს ნიკოლოზ რეხვიაშვილი, სებ-ის რეზოლუციის და ლიკვიდაციის დეპარტამენტის უფროსი