„ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებაზე ვიფიქროთ“, - ამის შესახებ „საქმის კურსში“ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა.
რეფინანსირების განაკვეთი ამ დროისთვის 10%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ახალ განაკვეთს 20 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს.
როგორც უტიაშვილი ამბობს, ინფლაციური რისკების გათვალისწინებით რეფინანსირების განაკვეთის შერბილების ტემპი იქნება ფრთხილი, თუმცა ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ მომდევნო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაკვეთი შემცირდეს.
„გარემოებები არ შეცვლილა, ინფლაცია არის 1%-ზე ნაკლები და ჩვენი მოლოდინია, რომ ამ წუთს მყისიერი ფაქტორები, რაც ინფლაციას გაგვიზრდის, არ ჩანს, ამიტომ მოსალოდნელია სხვა თანაბარ პირობებში შერბილება გაგრძელდეს, თუმცა რისკები რეგიონალური ფაქტორების გამო მაღალია. ასევე ახლო აღმოსავლეთში რაც მოხდა, რა გავლენას მოახდენს ეს გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე, ამიტომ რისკები არის მაღალი და შერბილების ტემპი იქნება შედარებით ფრთხილი, თუმცა ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში განაკვეთი შერბილდება“, - აცხადებს დავით უტიაშვილი.