მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეტი მოქნილობა მივეცით ბანკებს“ - რატომ შეამსუბუქა სებ-მა რეგულაციები ბანკებისთვის?

დოლარი

ეროვნული ბანკი საბანკო სექტორისთვის სარეზერვო მოთხოვნებს ამსუბუქებს. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ბანკებს კონტრციკლური ბუფერის 1%-მდე შესავსებად რამდენიმეწლიანი ვადა განესაზღვრათ, უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე კი, სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-იდან 20%-მდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მარეგულირებელს რეგულაციების შემსუბუქების და შესაბამისად ბანკებისთვის მეტი დროის მიცემის შესაძლებლობა დღეს ბაზარზე არსებულმა ვითარებამ მისცა.

„ჩვენ მარტის შეხვედრაზე განვიხილეთ კონტრციკლური ბუფერის საკითხი და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის გონივრულად მიგვაჩნია 1 პროცენტული პუნქტით ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაწესება, რომელიც ნორმალურ დროს იქნება 1% და კრიზისის დროს შევამცირებთ. მაშინ ჩვენ მივეცით სექტორს 1 წელი იმისთვის, რომ მოქნილობა ჰქონოდათ.

ახლა ჩავთვალეთ, რომ გარემო პირობები არის ისეთი, რომ შეგვიძლია და საშუალება გვაქვს კიდევ უფრო გავახანგრძლივოთ ეს ვადა. მარტიდან ისინი დაიწყებენ ამ ბუფერის დაგროვებას, მაგრამ დაიწყებენ ამას 0,25 პროცენტული პუნქტით და დანარჩენ 0,75%-ს დააგროვებენ შემდეგ პერიოდებში. ეს ძირითადად გამოიწვია იმან, რომ გლობალურად ვხედავთ, რომ გამკაცრებულია მონეტარული პოლიტიკა ცენტრალური ბანკების მიერ და ვხედავთ, რომ ეს გადმოეცა ჩვენს ბაზარსაც.

თუ კონტრციკლურ ბუფერს ახლავე შემოვიღებდით, ეს იქნებოდა დამატებითი გამკაცრება, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კარგი დროა არ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გარკვეული მოქნილობა მივცეთ ბანკებს. ასევე დავინახეთ, რომ ბანკების ნაწილს აქვს ეს ბუფერი ისედაც დაგროვილი და რაიმე მყისიერი აუცილებლობა არ არსებობს მოვთხოვოთ, რომ მაინცდამაინც ფორმალურად გაფორმდეს ეს. ბანკების ნაწილს, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეთ ეს ბუფერი მარტისთვის, აქაც კონკურენციას რომ ხელი შევუწყოთ და დაკრედიტების კუთხით რაიმე პრობლემა არ შეიქმნას სისტემაში, გადავწყვიტეთ, რომ ცოტა მეტი მოქნილობა მიგვეცა მათთვის. თვითონ გადაწყვეტილება არ გადახედილა, 1 % იქნება ნეიტრალური დონე“,- აცხადებს უტიაშვილი.

მისი თქმით, ამ შემსუბუქებით, ბანკებს დაახლოებით 350 მილიონ ლარზე მეტი გამოუთავისუფლდებათ.

რაც შეეხება უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვრის 25%-იდან 20%-მდე შემცირებას, უტიაშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების არგუმენტიც მსგავსი იყო.

„აქაც არგუმენტი იყო გლობალურად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ჩვენს ბაზარს გადმოეცემა და ეს ხდება განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში. საპროცენტო განაკვეთები არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ეს ეხება არამხოლოდ ახალ სესხებს, არამედ, ვისაც უკვე აქვთ ცვლადგანაკვეთიანი სესხი. ეს ვალის ტვირთი აისახება მსესხებლებზე, მათ გადამხდელუნარიანობაზე, მთელ ეკონომიკაზე და ჩავთვალეთ, რომ ამ კუთხით დამატებითი წნეხი არ შეგვექმნა.

საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ვიცით ეს მაინც დროებითი მოვლენაა, რადგან ინფლაცია რომ შემცირდება, ამერიკის და ევროპის ცენტრალური ბანკები აპირებენ შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები, რა სარგებელსაც მომავალში მივიღებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არის კარგი დროა დამატებითი წნეხი მოვხსნათ და გარკვეული მოქნილობა მივცეთ ბანკებს მართონ თავიანთი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში და მეტად არ ასახონ ეს მსესხებლებზე“,- განაცხადა დავით უტიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები