2024 წლის 1-ელი იანვრიდან, კიდევ უფრო გამკაცრდება სავალუტო კრედიტის აღება როგორც ბიზნესისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. კერძოდ, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გასულ თვეში მიღებული გადაწყვეტილებით, 200,000-ლარიანი ჭერი იზრდება 300,000 ლარამდე თუ სესხს ფიზიკური თუ იურიდიული პირი ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სესხის გამცემ სუბიექტში აიღებს.
მეორე მხრივ, სებ-მა სავალუტო სესხების აღებაზე რეგულაცია შეარბილა მათთვის, ვისაც დოლარში აქვს შემოსავალი. კერძოდ, იმ პირებს, რომელთა ჯამური სასესხო ვალდებულებები 300,000 ლარამდეა მომდევნო წლიდან ახალი სესხების აღება იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალს იღებენ.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ „იმისთვის, რომ სტრუქტურული რისკების შემცირება მომავალშიც შეუქცევადად გაგრძელდეს, სებ-ი, ბანკებთან შეთანხმებით, ლიმიტს ეტაპობრივად გაზრდის არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით“.
ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დედოლარიზაციის ძირითადი ღონისძიება სწორედ 300 000-ლარიანი ზღვრის აწევა იქნება, თუმცა ეტაპობრივად.
„გვაქვს კონსენსუსი ეროვნული ბანკის შიგნით და საბანკო სექტორთან, რომ სესხის მინიმალური ზღვრის აწევა არის ყველაზე ეფექტიანი ღონისძიება, რადგან ჩვენ მაინც ვთვლით, რომ მსხვილ ბიზნესს აქვს მეტი მოქნილობა, რისკების მართვის მეტი პრაქტიკა, რომ აიღოს უცხოური ვალუტის სესხი და მართოს, თუმცა ცხადია იქაც არის სავალუტო რისკები.
ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბანკებთან ვმუშაობთ და ისინი საქმის კურსში არიან, რომ მომავალში დედოლარიზაციის ძირითადი ღონისძიება იქნება ამ ზღვრის აწევა. ჩვენ პირველად 100 000 ლარიანი ზღვარი შემოვიღეთ 2017 წელს, შემდეგ 2019 წელს 200 000-მდე გავზარდეთ, 2024 წლიდან 300 000 ლარამდე გაიზრდება. ეს ნაბიჯები იქნება ეტაპობრივი.
დავაკვირდებით 300 000 ლარამდე ზღვრის აწევის ეფექტს, თუ როგორ აისახება ეს მსესხებლებზე. თუ გარემო პირობები მოგვცემს საშუალებას, გონივრული ვადის შემდეგ [ვფიქრობთ 1 წელი] შეიძლება განვიხილოთ დამატებითი ზრდა. რაღაც ვადა დასჭირდება, რომ შევაფასოთ ამ ღონისძიების გავლენები, რომ არ იყოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.