2024 წლის 1-ელი იანვრიდან, კიდევ უფრო გამკაცრდება სავალუტო კრედიტის აღება როგორც ბიზნესისთვის , ისე მოქალაქეებისთვის . კერძოდ, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 200,000-ლარიანი ჭერი იზრდება 300,000 ლარამდე თუ სესხს ფიზიკური თუ იურიდიული პირი ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სესხის გამცემ სუბიექტში აიღებს.
მეორე მხრივ, სებ-მა სავალუტო სესხების აღებაზე რეგულაცია შეარბილა მათთვის, ვისაც დოლარში აქვს შემოსავალი. კერძოდ, იმ პირებს, რომელთა ჯამური სასესხო ვალდებულებები 300,000 ლარამდეა მომდევნო წლიდან ახალი სესხების აღება იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალს იღებენ.
2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 200,000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი, განურჩევლად რა ვალუტაში იღებს პირი შემოსავალს. ახალი ცვლილებით კი მას, ვისაც ჯამში 300,000 ლარამდე სასესხო ვალდებულება აქვს და შემოსავალი უცხოურ ვალუტაში უფიქსირდება, ახალი კრედიტის უცხოურ ვალუტაში აღება შეეძლება. შესაბამისად, ამ მიმართულებით რეგულაცია შერბილდება.
„1000 დოლარის სესხს თუ იღებ, 1000 დოლარზე მეტი უნდა გქონდეს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში. ვინ არის უცხოური ვალუტის მიმღები? ესენი არიან პირები როგორც წესი, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ. შეიძლება იყვნენ მეზღვაურები, რომლებიც დოლარში იღებენ შემოსავალს, ასევე მათ შორისა ფულადი გზავნილები. ჩვენ ჰეჯირებულად ჩავთვლით იმას, ვისაც ექნება მყარად უცხოურ ვალუტაში შემოსავალი, როგორც წესი ეს ქვეყნის გარედან ხდება. ქვეყნის შიგნიდან თუ პირობითად ამერიკის საელჩოზე აქირავებს ბინას, ეს შეიძლება ჩაითვალოს“,- განაცხადა "საქმის კურსში" ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.
მისი თქმით, მსხვილი მსესხებლების, როგორიცაა იპოთეკური სესხით მოსარგებლეები, 15% აქვს უცხოურ ვალუტის შემოსავალი.
„იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე მუშაობს საზღვარგარეთ, ან მისი ოჯახის წევრი იქიდან აგზავნის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით 15%-ია ასეთი მსესხებლების კატეგორია. თანხობრივად, მაგალითად 200 000-დან 300 000-მდე წლიურად გაიცემა დაახლოებით 200 მლნ დოლარის ექვივალენტის სესხები და მისი 15% ,დაახლოებით 30 მლნ შეიძლება ჩაითვალოს, რომ იყოს ჰეჯირებული“,- განმარტავს დავით უტიაშვილი.