საბანკო სექტორმა 11 თვე 1.97 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (1.96 მლრდ) მცირედით აღემატება.
11 თვის კონსოლიდირებული მონაცემებით, ბაზარზე მოქმედი 14 კომერციული ბანკიდან ზარალზე 3 ბანკია, მათ შორის, ყველაზე დიდი ზარალი აქვს სანქცირებული VTB-ს ქართულ შვილობილს - „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“. იანვარ-ნოემბერი „ვითიბიმ“ 72 მილიონიანი ზარალით დახურა.
VTB-ს გაცხადებული აქვს საქართველოს ბაზრიდან გასვლის სურვილი, თუმცა, როგორც ჩანს, ამ დრომდე ქართული აქტივების რეალური მყიდველი ვერ მოიძებნა. დაინტერესება, რომ არსებობს ამაზე არაერთი განმარტება გაკეთდა ეროვნული ბანკის მხრიდანაც. BMG -ს წყარომ დაუდასტურა, რომ ვითიბი ბანკის აქტივების ყიდვა დავით ხიდაშელს სურს. სებ-ში კი განმარტავენ, რომ გარიგების დადასტურებისთვის აუცილებელია ამერიკული და ევროპული მარეგულირებლების თანხმობაც, რადგანაც VTB სანქცირებულთა სიაშია.
რაც შეეხება მომგებიან ბანკებს. სიაში ლიდერობს „თიბისი“ - 933 მლნ ლარით, მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“ 825.5 მლნ -ის მოგებით. ბაზრის ამ ორ უმსხვილეს მოთამაშეზე მოგების 89% მოდის.
ბანკების 2022 წლის 11 თვის წმინდა მოგება
• თიბისი ბანკი - 933.578 მლნ ლარი
• საქართველოს ბანკი - 825.508 მლნ ლარი
• ლიბერთი ბანკი - 60.493 მლნ ლარი
• ბაზის ბანკი - 52.235 მლნ ლარი
• პროკრედიტ ბანკი - 44,.511 მლნ ლარი
• ქართუ ბანკი - 34.685 მლნ ლარი
• ტერა ბანკი - 32.880 მლნ ლარი
• კრედო ბანკი - 29.600 მლნ ლარი
• იშ ბანკი - 17.356 მლნ ლარი
• ხალიკ ბანკი - 11.801 მლნ ლარი
• პაშა ბანკი - ( -1.940 მლნ) ლარი ( ზარალი)
• ვითიბი ბანკი - ( -72.620 მლნ) ლარი ( ზარალი)
• ზირაათ ბანკი - 6.558 მლნ ლარი
• სილქ ბანკი -2,742 მლნ ლარი ( ზარალი)
11 თვის მოგებიდან საბანკო სექტორი ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახლით 305.9 მლნ ლარს გადაიხდის. აღსანიშნია, რომ მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი 2023 წლიდან ბანკებისთვის შეიცვლება. დივიდენდის გადასახადი ნულდება. მოგების გადასახადი კი, 15-დან 20%-მდე იზრდება. ასევე ერთჯერადად, 2023 წელს გაიზრდება მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.