ქართულ ბანკებს ახალი მრავალმილიონიანი ფონდის შექმნა მოუწევთ - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს იწყება.
მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ქვეყანაში შეიქმნება ფონდი, რომელიც კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესის ეფექტურად წარმართვის საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დაფინანსებას გასცემს.
კანონპროექტის თანახმად, ფონდის საორიენტაციო მოცულობა დაზღვეული დეპოზიტების ზომის 3% იქნება. ეროვნული ბანკის თანახმად, დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა მომდევნო წელს სავარაუდოდ 8.7 მილიარდი ლარი გახდება, რისი 3%-იც დაახლოებით 260 მილიონი ლარია.
კანონპროექტის თანახმად, ბანკებმა ეს ფონდი 2025-2033 წლებში უნდა შეავსონ.
როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, 2019 წელს მიღებული კანონით, განისაზღვრა პროცედურა, რომლის ფარგლებშიც ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია სასესხო დაფინანსება გასცეს სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკზე, თუკი ის შესაბამის ლიკვიდობის კრიზისში მოექცევა. თუმცა არსებულ მოდელთან მიმართებით რეკომენდაციები აქვთ მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ისინი სახელმწიფოს მოუწოდებენ შეიქმნას ფონდი, რომელშიც საკმარისი ფინანსური რესურსის აკუმულირებას თავად ბანკები მოახდენენ, რათა მსგავს ვითარებაში რეზოლუციისთვის საჭირო დაფინანსების გამოყოფა სახელმწიფოს ტვირთად არ დააწვეს.
ახალი ფონდი ეროვნული ბანკის ქვეშ შეიქმნება, ხოლო მის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო იქნება.
“განხორციელებული ცვლილებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო მართავს დეპოზიტების დაზღვევის ფონდს, ასევე აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროცესის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი და სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობენ. ამასთანავე, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს კომერციული ბანკების მხრიდან მსგავსი სახის შენატანების მობილიზების, კონტროლისა და მართვის შესაბამისი გამოცდილება უკვე აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე გადაცემის უფლებამოსილების შესაძლებლობით, მნიშვნელოვნად გამარტივდება და ეფექტიანი გახდება რეზოლუციის რეჟიმის წარმოება”, - ნათქვამია კანონპროექტში.
თავად დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ამჟამად 168 მილიონი ლარის მოცულობის ფონდს მართავს, რომელიც კრიზისის რეალიზების შემთხვევაში ბანკის საცალო და კორპორაციული კლიენტების დეპოზიტების გასტუმრებაზე იქნება პასუხისმგებელი. სააგენტოში დაზღვეულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის დეპოზიტი 15,000 ლარამდე, რაც ამჟამად 6.3 მილიარდი ლარია.
ჯერჯერობით, უცნობია რამდენი მილიონი ლარის გადახდა მოუწევთ 2025 წლიდან ქართულ ბანკებს ახალი ფონდის შესაქმნელად. ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ფონდის შექმნის ხარჯები მთლიანად საბანკო სისტემაში დაკრედიტებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.