“საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი საგადახდო მომსახურების ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებში გარკვეულ რისკებს ხედავს.
საქმე ისაა, რომ პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომელიც დღემდე ცალ-ცალკე არსებული სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს. ამასთან, კანონპროექტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებსაც ითვალისწინებს და საბარათე ტრანზაქციებზე ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალურ ოდენობას 0.3%-ით განსაზღვრავს.
როგორც გიორგი კეპულაძემ BMG-ის განუცხადა, უნივერსალური სალარო აპარატების სისტემის დანერგვით და ბარათით გადახდისას საკომისიოების რეგულირებით ბანკებს შემოსავალი შეუმცირდებათ, რაც მათი მხრიდან სხვადასხვა ტიპის ლოიალობის პროგრამების შემცირებას გამოიწვევს.
როგორც “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი აცხადებს, ასევე ჩნდება კითხვა, საგადახდო მომსახურების ბაზარზე დაგეგმილი ცვლილებებით რამდენად მიიღებს სარგებელს საბოლოო მომხმარებელი.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყველა ასეთი ცვლილების მიზანი უნდა იყოს მომხმარებლების მდგომარეობის გაუმჯობესება. რამდენად გააუმჯობესებს ეს მომხმარებლების მდგომარეობას, რამდენად შეამცირებს ხარჯებს, ანუ ფასს გარკვეულ პროდუქციაზე, რაც ამ ტერმინალების გავლით იყიდება სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში, ეს ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. შესაძლოა, ბიზნესისთვის საბანკო საკომისიოების შემცირებამ გამოიწვიოს გარკვეული ხარჯების შემცირება, მაგრამ რამდენად მიმართავს ბიზნესი ამას უკვე ფასებში, რამდენად გადაიტანს ამ ეფექტს, ეს ჯერჯერობით არ არის გარანტირებული.
მეორე საკითხია ის, რომ თავისთავად საკომისიოების შემცირებით, რა თქმა უნდა, ბანკებს შემოსავალი დააკლდებათ, რისი ანაზღაურებაც შეიძლება სხვა საბანკო პროდუქტების გაძვირებაში მოხდეს, რაღაცაში გადაათამაშონ ეს ყველაფერი. ასევე საბანკო საკომისიოების შედეგად მომხმარებლები, როგორც წესი, იღებენ გარკვეულ სარგებელს დაბრუნებული ქულების, “ქეშბექ” აქციების სახით. როგორც ჩანს, ესეც შემდეგ უკვე წარსულს ჩაჰბარდება, რადგან თუ იქნება უნივერსალური ტერმინალი და რომელი ბარათით, რომელ ტერმინალზე გადავიხდი, არ ექნება მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, შემცირდება საკომისიო და ბანკებსაც დაეკარგებათ მოტივაცია, რომ მსგავსი ლოიალობის პროგრამები აამუშაონ. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია”, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.




























