დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კომერციული ბანკებისთვის რუსეთის მოქალაქეთა მიერ განთავსებული დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნის 80%-დან 40%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო - რითაც ის სხვა ქვეყნის მოქალაქეთა დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნას გაუთანაბრა.
საკითხის კომენტირებისას bm.ge-სთან საუბარში Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე სებ-ის გადაწყვეტილებას აფასებს:
„პრინციპში, გასული წლის მაისში იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ არარეზიდენტებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, მათ მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა 80%-მდე გაზრდილიყო. ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებულ იქნა რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ჭარბი ზრდიდან მომდინარე რისკების შერბილების მიზნით. ამჟამად,
ფაქტობრივად ეროვნული ბანკი რასაც უყურებს არის ის, რომ რუსეთის რეზიდენტების დეპოზიტები დასტაბილურებულია.
აქვე უნდა აღინიშნოს, ლიკვიდობის მოთხოვნის გაზრდამდე ბანკები ამ რესურსის ძირითად ნაწილს ისედაც ინარჩუნებდნენ ლიკვიდურ აქტივებში და არ ხდებოდა ამით გრძელვადიანი ვალდებულებების ჩანაცვლება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მხრიდან დანახული შემცირებული რისკები გახდა საფუძველი ლიკვიდობის მოთხოვნა, იგივე გადინების განაკვეთი უკან დაებრუნებინათ. მთლიანობაში, სებ-ის ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის დაკრედიტებაზე დადებითად აისახება, რადგან ბანკებს უფრო მეტი მოქნილობის საშუალება ეძლევათ. თუმცა, დაკრედიტების ტრენდზე ძირითადი გავლენა ისევ ფუნდამენტურ ფაქტორებს ექნებათ.
„აღსანიშნავია, რომ წელს დაკრედიტებაზე საგრძნობლად იმოქმედებს მონეტარული პოლიტიკის შემცირება, რომელიც 2023 წლის მაისიდან 2024 წლის იანვრის მონაკვეთში 3 პროცენტული პუნქტით 9.0%-მდე შემცირდა. ამასთან, უკვე ვხედავთ რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება და საბანკო სექტორის როლი კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდაში“.
კითხვაზე, ხომ არ ხედავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბანკების ლობირების კვალს, ქავთარაძე პასუხობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე მოხდა.
„ეროვნული ბანკი დეტალურად აკეთებს რისკების ანალიზს და გადაწყვეტილებების მიღება მასზე დაფუძნებით ხდება. ამჟამად რისკები მინიმალურია, არარეზოდენტების ანაბრების მყისიერი გადინება ნაკლებად მოსალოდნელია და შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა მიიჩნია, რომ როგორც სხვა არარეზიდენტების დეპოზიტებზეა ლიკვიდობის მოთხოვნები, იგივე ყოფილიყო რუსეთის რეზიდენტებზეც. აქედან გამომდინარე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. ეს იყო ანალიტიკური შეფასებების საფუძელზე მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ქავთარაძემ.