ქართულმა ბანკებმა აგვისტოს ფინანსური ანგარიშგებები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გასული თვის ბოლოს ქართულ საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 277 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 48 მილიარდ ლარს მიაღწია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 50.27 პროცენტი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით მეტია. წლიურ ჭრილში კი დეპოზიტების ლარიზაცია 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
"აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.91% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.52%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.55%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.31%, ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა,"-ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.