ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა გლობალური ქსელის, Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ მარტინი საქართველოში, ყირგიზეთში და EBRD-ის ოპერირების სხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შემცირებაზე განცხადებას ავრცელებს.
ის ელის, რომ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, შესაძლოა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, როგორებიცაა EBRD, ADB და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, საქართველოში სახელმწიფო პროექტების დაფინანსება შეაჩერონ.
„ბოლო წლებში Bankwatch-მა ატეხა განგაში სამოქალაქო საზოგადოების სივრცის გაუარესების შესახებ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რათა გააფრთხილოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა მონიტორინგსაც ჩვენ ვახორციელებთ.
სამწუხაროდ, ვითარება უარესდება ყირგიზეთში „უცხოური წარმომადგენლების“ კანონის ბოლოდროინდელი მიღებით და მსგავსი „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის გამო, რომელიც ელოდება საქართველოს პარლამენტის საბოლოო დამტკიცებას.
ქართული საზოგადოების მასობრივი პროტესტის საპასუხოდ, მთავრობა მზარდი რეპრესიულ მიდგომას ატარებს, რაც Bankwatch-ის თანამშრომლების, ჩვენი წევრი ჯგუფის და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვა პარტნიორების შევიწროებას და დაშინებას იწვევს.
ჩვენ ვაფასებთ EBRD-ის პრეზიდენტის, ოდილ რენო ბასოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. თუმცა, თუ სიტუაციის ესკალაცია გაგრძელდება, ჩვენ ველით, რომ EBRD, სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ისევე როგორც ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ საჯარო სექტორის ნებისმიერ დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი კერძო კომპანიის დაფინანსებას, რომლებიც დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან".
Bankwatch-ის გამოცდილებიდან ცხადია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო პროექტების განხორციელების რისკების შესამცირებლად, კორუფციის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო ფინანსების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზრდისთვის. ამიტომ, განვითარების ბანკების ინტერესებშია უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს თავისი არსებითი როლის შესრულებას საინვესტიციო პროექტების წარმატებასა და მდგრადობაში",- აღნიშნულია განცხადებაში.