მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი VS ბაქო-სუფსა - რატომ დებს ფსონს ყაზახეთი BTC-ზე?

ბაქო-ჯეიჰანი მილსადენი

"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (BTC) ამჟამად უფრო სასურველია ყაზახი გადამზიდავებისთვის, თუმცა ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის მილსადენის მეშვეობით მიწოდების საკითხი პოტენციური პროექტების პორტფოლიოში რჩება", - ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო აზერბაიჯანული Report.az-ის ყაზახეთის ბიუროს განუცხადა.

სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი სატრანზიტო მარშრუტების შემუშავება რთული, მრავალმხრივი პროცესია, რომელიც დეტალურ ანალიზს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

“ამჟამად, კომერციული პირობების ყოვლისმომცველი შეფასების საფუძველზე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი უფრო სასურველია ყაზახი გადამზიდავებისთვის. მთავარი ფაქტორია მისი პირდაპირი წვდომა ხმელთაშუა ზღვაზე, რაც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ დამატებითი ლოგისტიკური ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია გადაზიდვასა და თურქეთის სრუტეების გავლასთან“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ.

მათი თქმით, მარშრუტის არჩევისას ყურადღება გამახვილებულია არა ცალკეულ ტექნიკურ ასპექტებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ან პორტის შესაძლებლობები, არამედ მთელი მარშრუტის საერთო ეკონომიკურ ეფექტურობაზე, სწორედ ამიტომ აქცენტი BTC-ის ნავთობსადენზე კეთდება.

“ბაქო-სუფსის მარშრუტი პოტენციური პროექტების პორტფელში რჩება, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ექსპორტის მოცულობის ზრდასთან და ხელსაყრელი კომერციული პირობების გაჩენასთან ერთად, ეს მარშრუტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მიწოდების დივერსიფიკაციისთვის“, - აცხადებენ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, აქთაუს პორტიდან აზერბაიჯანის მიმართულებით დაახლოებით 1.1 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი გაიგზავნა BTC-ის მეშვეობით ექსპორტისთვის, 2024 წელს მოცულობა 1.4 მილიონ ტონამდე გაიზარდა. 2025 წელს კი დაგეგმილია რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.7 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი გადაიტვირთება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები