„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა“ ქართულ პორტებს ტვირთის ნაწილს წაართმევს, - COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი მიიჩნევს, წინააღმდეგობრივია პროცესი, რომ ხელისუფლება ერთის მხრივ ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობა/განვითარებას გეგმავს და პარალელურად აშენდა რკინიგზას, რომლითაც ტვირთის გადაზიდვა ქართული პორტების გვერდით ავლით მოხდება.
ბაქო-თბილისი - ყარსის" რკინიგზა 20 მაისს უნდა გაიხსნას - ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა აზერბაიჯანულ სააგენტო „აზერტაჯთან“ განაცხადა.
„როგორც საზღვაო ხაზს, არ მომწონს ეს პროექტი და კონკურენციას ვგრძნობ“ - განაცხადა COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა გივი ჩაჩანიძემ „საქმის კურსში“ სტუმრობისას - „არ მინდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეგოისტურად ვუდგები, თუმცა თუ რეალისტურად შევხედავთ, ვითარება ასეთია, რომ ყველა ველოდებით ახალი, ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობას, რაც აუცილებლად გასაკეთებელია. ეს ნათლად დაადასტურა გასულმა წელმა, ისევე როგორც 2019 წელმა, როდესაც ქართულმა პორტებმა გამტარუნარიანობის ზედა ზღვარზე იმუშავეს. მაშინ როდესაც გაცხადებული გვაქვს, რომ ვაშენებთ 2 ღრმაწყლოვან პორტს (ფოთის პორტი, ანაკლიის პორტი) და ასევე ვაშენებთ რკინიგზას, რომელიც პორტს წაართმევს ტვირთს, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. ამავე დროს, პროექტი, რკინიგზის ოპერატორებისთვის თუ რკინიგზისთვის დამატებითი მარშრუტი და შესაძლებლობაა, მაგრამ ამან შესაძლოა, გამოიწვიოს მეტი ტვირთის გადამისამართება პორტების ავლით და ტვირთის ნაწილი დავკარგოთ ჩვენ და პორტებმა“.
გივი ჩაჩანიძე ამბობს, რომ როგორც აზერბაიჯანში, ასევე ცენტრალურ აზიაში ამ რკინიგზის ამუშავებას მოუთმენლად ელიან.
„ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანში, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, ძალიან გახარებულები არიან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნით. წლებია მრჩება განცდა, რომ ელიან როდის გაიხსნება რკინიგზა, რომ ჩვენს პორტებს ჩამოშორდნენ. ერთ-ერთი მიზეზი არის პოლიტიკური მეგობრობა თურქეთ - აზერბაიჯანს შორის, მაგრამ ასევე ეს არის დიდ კონკურენციაც. რეალურად, ჩვენ არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტები, შესაძლოა საჭირო გახდეს ტვირთის გადატვირთვა სხვა გემებზე, ახლა კი, აზერბაიჯანული კომპანიები შეძლებენ პირდაპირ დაუკავშირდნენ თურქეთს, რომელიც არის ერთ-ერთ ყველაზე დიდი პორტების ოპერატორი, უზარმაზარი ინფრასტრუქტურით. რომელსაც აქვს ღრმაწყლოვანი პორტები და სერვისები მსოფლიოს ყველა მიმართულებით, გადატვირთვის გარეშე. ეს კი კონკურენციას უწევს ჩვენს პორტებს“, - განმარტავს გივი ჩაჩანიძე.
„აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარის ინფორმაციით ბაქო-თბილისი- ყარსის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის მთავარი მიზანი „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის გაზრდა და BTK -ის დერეფნის ერთ-ერთ მთავარ სატვირთო არტერიად გადაქცევაა. „გაფართოების შემდეგ ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა.
BTK რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოების შემდგომ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი საკითხია აზერბაიჯან - საქართველოს ერთობლივი კომპანიის შექმნა. სწორედ ეს კომპანია იმუშავებს BTK საოპერაციო საკითხებსა და ახალი ტვირთების მოზიდვაზე.