ევროკავშირის მწვანე შეთანხმების თანახმად, ბლოკის წევრმა სახელმწიფოებმა 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მქონე მწვანე ენერგიაზე ტრანზიცია უნდა შეძლონ. ანალოგიური გეგმა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს, რომელიც მწვანე ინდუსტრიის სუბსიდიებს ითვალისწინებს. ბრიტანული საბანკო-საფინანსო კომპანია Barclays-ის დირექტორის, ფრანცესკო ჩეკატოს აზრით, ევროკავშირს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის აშშ-ის “ინფლაციის შემცირების აქტის” სახელმძღვანელოდ მიღებაა საჭირო.
ამის შესახებ Barclays-ის დირექტორმა Euronews.business-ის რედაქტორთან, ანჯელა ბარნსთან ინტერვიუში ისაუბრა.
კიდევ ერთი ამოცანა, ბლოკის მწვანე შეთანხმების თანახმად, ევროკავშირში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა, 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი, მწვანე ეკონომიკის წარმოების პარალელურად. როგორ შეუძლია ევროკავშირს, კონკურენცია გაუწიოს ჩინეთს და აშშ-ის მწვანე ინდუსტრიის მასობრივ სუბსიდიებს მათი “ინფლაციის შემცირების აქტის” გათვალისწინებით, თუ ბლოკის წევრი ქვეყნები არ არიან თანახმა, საკუთარი რესურსები სხვანაირად განკარგონ?
“ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება მისაღებია, თუ ისინი 2040 წლისთვის ნახშირბადის ემისიების 90%-ით შემცირების პროექტში თავიანთ კონტრიბუციას შეიტანენ. ეს უნდა იყოს მიზანი. და თუ ყველა შევძლებთ გულწრფელად განვაცხადოთ, რომ პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ დონეზე შევიმუშავეთ, ამ მიზნებს ემსახურება, მაშინ არა უშავს, თუ ისინი მხოლოდ ადგილობრივ დონეზე გავრცელდება.
რაც შეეხება ევროკავშირის მწვანე შეთანხმებისა და შეერთებული შტატების ინფლაციის შემცირების აქტს, ვფიქრობ, უმჯობესია, თუ მათ დოკუმენტს სახელმძღვანელოსავით შევხედავთ და შევაფასებთ, რისი წამოღება შეგვიძლია მათგან. მაგალითად, შტატებში მოთხოვნა-მიწოდების სტიმულებია გათვალისწინებული, ევროკავშირში კი მხოლოდ მხოლოდ მიწოდების სტიმულები. ამ დეტალების შედარებით შევძლებთ განვსაზღვროთ, როგორ გავხდეთ უფრო კონკურენტუნარიანები”.
ამავე თემაზე უნდა აღინიშნოს, რომ Barclays-მა წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოებში ინვესტირებაზე უარს ამბობს. რას ფიქრობთ ESG სტრატეგიაზე, იმის გათვალისწინებით, რასაც თქვენი კომპანია აკეთებს? ხომ არ გადაინაცვლა ESG მიმართულება დღის წესრიგში აღარ დგას?
“ასე საერთოდ არ ვფიქრობ, პირიქით, ჩემი კლიენტებისა და კოლეგებისთვის ეს კვლავ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება. მათ ესმით, რომ ენერგოტრანზიცია ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროცესია, რასაც ბევრი ფული დასჭირდება. თუ არ ვცდები, საშუალო გამოთვლით, საუბარია, 400 მილიარდამდე ევროზე, რომელიც ევროკავშირმა 2030 წლამდე უნდა გამოყოს. შემდეგ კი, 2050 წლამდე, დაახლოებით, 550 მილიარდი ევრო ყოველწლიურად. ძალიან დიდი თანხებზეა საუბარი. ეს არის ინვესტიცია, რომელსაც მხოლოდ ბლოკის წევრი ქვეყნები ვერ გასწვდებიან. აუცილებელია, რომ მთელი ინდუსტრია ამ ტრანზიციაში ჩაერთოს და სწორედ ამ სურვილს ვხედავთ ჩვენს მომხმარებლებშიც”.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში Barclays-ის სათავო ოფისთან გარემოსდაცვითმა აქტივისტებმა ბანკის მიერ წიაღისეული საწვავის სექტორში ჩადებული ინვესტიციების საწინააღმდეგოდ, საპროტესტო აქცია გამართეს, მიუხედავად იმისა, რომ Barclays-მა ინვესტიციების გაუქმების გადაწყვეტილება ერთი დღით ადრე მიიღო და კომპანიაში ESG მიმართულება განავითარა.