მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA-ს დაჯილდოებაში მონაწილეობის მსურველთათვის სარეგისტრაციო ფანჯარა გაიღო

ბარტა
BM. GE
28.09.23 12:15
73

BARTA-ს ჯილდოს მსურველებისთვის სარეგისტრაციო ფანჯარა გაიღო. კონკურსი გაფართოვდა  და პირველად განაცხადების წარდგენის შესაძლებლობა როგორც პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ასევე  საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ) არის. კომპანიებს, განაცხადების წარდგენა 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

როგორც "მსოფლიო ბანკის" უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში, ირინა გორდელაძე ამბობს, კომპანიების წრის გაფართოება დიდი ინტერესს უკავშირდებოდა.

"საქმიანი დილის" წამყვანის კითხვას - რა მოლოდინებია წელს კონკურსთან დაკავშირებით, ირინა გორდელაძე პასუხობს, რომ წელს „ბარტა“ ბევრად საინტერესო იქნება.

„კონკურსს ყოველ წელს ემატებოდა ახალი კომპანიები, მაგრამ ძირითადად ერთი და იგივე კომპანიები მონაწილეობდნენ - ბირთვი მაინც იგივე რჩებოდა. ასევე იყო ჩვეული გამარჯვებულები. წელს ვინაიდან ახალი კომპანიებისთვის გაიღო კარი, დაახლოებით 120 მსხვილი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია შემოიტანონ განაცხადი და ეს ახალი ტალღა შეცვლის დინამიკას. ვფიქრობ, ბევრად საინტერესო გახდება ეს კონკურსი. გამომდინარე იქიდან, რომ საიუბილეო წელია, სიურპრიზებიც გვექნება. დაჯილდოებაში ბევრი სიახლე იქნება“, - განაცხადა ირინა გორდელაძემ და დასძინა, რომ წელს კონკურსს შეუერთდა რატიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაცია.

„წელს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი შემოგვიერთდა, ACCA და მასთან ერთად რჩებიან ძველებიც. ეს ასოციაცია არის რატიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაცია, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც ყველაზე მეტი, 250 ათასი წევრი ჰყავს მსოფლიოში. ეს ასოციაცია საქართველოში საკმაოდ აქტიურია. ამ ორგანიზაციის შემოერთება ჩვენთვის ნიშნავს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული არის უკვე ეს კონკურსი. ამ ორგანიზაციამ გამოყო ჟიურის წევრი, მდგრადობის ანგარიშგების მიმართულებით. უკვე ორი წელია ჩვენ დავამატეთ მდგრადობის ჯილდო იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო მნიშვნელობა გაიზარდა ამ ჯილდოსი“, - განაცხადა ირინა გორდელაძემ.

თავის მხრივ, ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, გიორგი თაბუაშვილი აცხადებს, რომ კონკურსმა BARTA-მ საერთოდ სხვა დონეზე გადაინაცვლა. მისივე თქმით, კონკურსი უკვე მეხუთე წელია ტარდება და ბიზნეს-გარემოში საკმაოდ კარგი ადგილი დაიკავა.

„ეს არის ძალიან კარგი საშუალება ბიზნესისთვის და განსაკუთრებით ბიზნესში დასაქმებული ფინანსური აღრიცხვის მიმართულების სპეციალისტებისთვის, რომ მათი საქმიანობა შეფასდეს, მოხდეს აღიარება როგორც კომპანიების ანგარიშგების აღრიცხვის, მოწესრიგებულობის, საიმედოობის და ეს არის ფინანსური დირექტორისა თუ კომპანიისთვის, რომ მათთან აღრიცხვა, ანგარიშგება არის უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა, საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოვავლინოთ. ეს კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის და მფლობელებისთვის, დამატებითი აღიარება და მოტივაციაა, რომ გაიზარდოს კომპანია და დამატებითი ინვესტიციები მოიზიდონ“, - აღნიშნა თაბუაშვილმა.

კითხვაზე, ჩანს თუ არა პროგრესი და ბიზნესის ენთუზიაზმი გაიზარდა, რომ ანგარიშგება გაუმჯობესდეს, თაბუაშვილმა უპასუხა, რომ პროცესი დინამიურია.

„სახელმწიფოს მხრიდან მარეგულირებლები მუდმივად ზრუნავენ გაუმჯობესებაზე, და რეგულაციების დახვეწაზე. ბიზნეს-ასოციაციებიდან მოდის ეს ინტერესი, სურვილი მეტი ჩართულობისა და მათი მხრიდან უკვე ხდება ამ კონკურსის შედეგების აღიარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახდა ბიზნეს-წრეებში“, - განაცხადა თაბუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები