საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს BARTA მონაწილეთა სია გაფართოვდა. რიგით მეხუთე დაჯილდოება BARTA 2023 საზოგადოებრივი დაინტერესების პირების გარდა მასში მონაწილეობას პირველი კატეგორიის საწარმოები და ჯგუფები შეძლებენ. სიახლეების შესახებ საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს მხარდამჭერი "მსოფლიო ბანკის" მართვის სფეროში უფროსმა კონსულტანტმა ირინა გორდელაძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
„წელს BARTA მნიშვნელოვნად გაფართოვდება. მეხუთე დაჯილდოება - BARTA 2023 გაორმაგებული რაოდენობის კომპანიებს მოიცავს. აქამდე ჩვენი კონკურსი ღია იყო საზოგადოებრივი დაინტერესების ყველა პირისთვის, ვინაიდან დიდი ინტერესი სხვა მსხვილმა კომპანიებმაც გამოავლინეს, რომლებიც არ შედიან SDP-კატეგორიაში, გადავწყვიტეთ წელს ეს კონკურსი გავაფართოვოთ და პირველი კატეგორიის კომპანიები და ჯგუფები მოვიცვათ. ეს იქნება თვითწარდგენის საფუძველზე - კომპანიას, რომელიც დაინტერესდება კონკურსში მონაწილეობით, შეუძლია შემოიტანოს განაცხადი და მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში. შესაბამისად, თუ კონკურსი 100 კომპანიისთვის იყო ღია, ახლა უკვე 120 და მეტი კომპანია დაემატება. მოვუწოდებ კომპანიებს დაინტერესდნენ და ახლავე დაიწყონ მზადება“, - აღნიშნა ირინა გორდელაძემ.
ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ გიორგი თაბუაშვილმა კი აღნიშნა, რონ კონკურსის მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობა, ჟიურის წევრებს გაცილებით მეტი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, რაც ანგარიშგებების გაზრდილი რაოდენობის შემოწმებას გულისხმობს.