მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAT-მა საკონსტიტუციოში დავა მოიგო, სასამართლომ "თამბაქოს კონტროლის კანონის" მუხლი გააუქმა

6291d4c05c9bf
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.22 11:25
6358
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ბრითიშ ამერიქან ტობაკოს მიერ 2017 წელს შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელზე განაჩენი გამოიტანა. მოსამართლეთა პირველმა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ცნო "თამბაქოს კონტროლის კანონის" მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის ჩანაწერი.

საუბარია მუხლზე, რომელიც კომპანიებს პროდუქციის "თვითღირებულებაზე დაბალ ფასად" რეალიზაციას უკრძალავდა. 

2017 წელს კანონის ეს მუხლი განსაკუთრებულად აქტუალური იყო, რადგანაც ამ პერიოდში თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლები საერთაშორისო კომპანიების - "ბრითიშ ამერიქან ტობაკოს" და "ფილიპ მორისის" წინააღმდეგ ეკონომიკური ზიანის მიყენების საბაბით დავობდნენ. 2017 წელსვე თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ კომპანიებს 270 და 93-მილიონიანი ჯარიმები დააკისრა, რაც შემდეგ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გააუქმეს. ეს გადაწყვეტილებები ნაწილობრივ თამბაქოს კონტროლის კანონის აღნიშნულ ჩანაწერთან იყვნენ დაკავშირებულები, თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "TI საქართველო" მიუთითებდა განაჩენებში მთელი რიგი იურიდიული დარღვევები და ბუნდოვანებები არსებობდა. 

2017 წლის მარტში "ბრითიშ ამერიქან ტობაკომ" სადავო მუხლთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, რის შესახებაც სასამართლომ განაჩენი 2022 წლის 20 მაისს გამოიტანა. 

საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისას თავისუფალი ფასდადების უფლება უნდა გააჩნდეთ. 

"თამბაქოს ბაზარზე თავისუფალი მეწარმეობისა და ჯანსაღი კონკურენციის გარანტირებისა და ბაზრის სტაბილურობის დაცვისათვის აუცილებელია, გამორიცხული იყოს თამბაქოს ნაწარმზე ფასწარმოქმნის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის ინტერესების საწინააღმდეგო მეთოდები. საპირისპიროდ, სადავო ნორმა კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეკონომიკურ აგენტს გააჩნია მართლზომიერი ბიზნეს ინტერესები (მაგ., როგორც აღინიშნა, ამგვარი შემთხვევა შეიძლება არსებობდეს, როდესაც ნაწარმის სარეალიზაციო ფასი ნაკლებია საშუალო მთლიან დანახარჯზე, მაგრამ მეტია საშუალო ცვლად დანახარჯზე) და, ამ თვალსაზრისით, იმაზე მეტად ზღუდავს ეკონომიკური აგენტის მეწარმეობის თავისუფლების უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების უზრუნველყოფისათვის,"- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები