პრეზიდენტის უპრეცედენტო სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. ამ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის, ანუ სასამართლოს სრული შემადგენლობის - 9 მოსამართლის - პრეროგატივაა.
"რუსულ კანონთან" დაკავშირებით საკონსტიტუციოში კიდევ ერთი ამჯერად ერთობლივი სარჩელი შევიდა, 121 არასამთავრობო ორგანიზაციის.
სარჩელები 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა უნდა განიხილოს, რომელთა შორის ერთ-ერთი ვასილ როინიშვილია, რომლის დეკლარაციის მიხედვითაც მეუღლე, დიანა ცინდელიანი რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროშია დასაქმებული.
მოსამართლე როინიშვილი პროკურორის ყოფილი მოადგილეა, რომლის ერთ-ერთი საქმე როინ შავაძის საქმე იყო. 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველო ყოფილი სამხედროს როინ შავაძის სიცოცხლის უფლების დარღვევაში დამნაშავედ ცნო. ამის შემდეგ დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი ვასილ როინიშვილის, როგორც საქმის ზედამხედველის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას ითხოვდა.
დეკლარაციის მიხედვით, როინიშვილი ფლობს ბინებს ავტოფარეხებით თბილისსა და ბათუმში. ასევე, მიწის ნაკვეთს მცხეთაში. მისი მეუღლე დიანა ცინდელიანი კი, 2024 წელს ცინცაძის ქუჩაზე 142 290 ლარად შეძენილ 81, 64 კვ.მ ბინას.
სახელფასო სარგოს სახით, როინიშვილს 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში 127 132 ლარი აქვს მიღებული. მეუღლე, დიანა ცინდელიანი კი, დეკლარაციის მიხედვითვე იურიდიული
დეპარტამენტის, კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილეა რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში.
ცინდელიანის სახელფასო სარგოდ 1130,41 RUB-ია მითითებული, რაც დაახლოებით 35 ლარია. ხომ არ არის შეცდომა და რეალურად რამდენია მისი ხელფასი BM.GE თავად საკონსტიტუციოს მოსამართლესთან შეეცდება გაარკვიოს.