თბილისის პარალელურად პროევროპული საპროტესტო აქციები საქართველოს რეგიონებში იმართება. რამდენიმე დღეა ბათუმსა, ფოთში, ქუთაისში, გორში, ხაშურში, ზუგდიდსა და საქართველოს სხვა რამდენიმე ქალაქებში ცენტრალურ უბნებში ადგილობრივები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
„ჩვენი არჩევანი ევროპაა, არა რუსულ ოცნებას, არა რუსულ ხელისუფლებას“ - ასეთია ქუთაისში მიმდინარე საპროტესტოს აქციის მონაწილეთა მოწოდებები.
ქუთაისში მოქალაქეები მერიასთან შეიკრიბნენ, სადაც ახალგაზრდებთან ერთად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები არიან შეკრებილნი. საპროტესტო აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. პროტესტს ზღვისპირა ქალაქში ეკა ბესელიაც შეუერთდა, რომელიც აცხადებს, რომ ეს კონსტიტუციური ბრძოლა შედეგს მოიტანს, რადგან ეს ხელისუფლება კონსტიტუციური ფარგლებიდან გავიდა. ის აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნებისთვის მოსახლეობამ უნდა იბრძოლოს და კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც ბათუმში მდებარეობს პრეზიდენტის სარჩელი მალე უნდა განიხილოს. ბათუმში აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ფოთში, აქციის მონაწილეების რამდენიმე წუთი გადაკეტილი ჰქონდათ ფოთის პორტთან მისასვლელი გზა და ამის შემდეგ მსვლელობები ქუჩებში გაიმართა.