მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის გენგეგმაზე მუშაობისას, შესაძლოა, სამშენებლო ნებართვების გაცემა შეიზღუდოს

613b6e92d6395
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.21 21:48
1306
ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის შედგენაზე მუშაობა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და კონკურსში გამარჯვებული კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის 16 აგვისტოს ხელშეკრულების დადების შემდეგ დაიწყო.

როგორც „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორი, მამუკა სალუქვაძე ამბობს, დღეისთვის გეგმაზე მუშაობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 5 თვეს გაგრძელდება, ამის შემდეგ კომპანიას მოკვლევის შედეგების ანალიზის საშუალება ექნება, რასაც განაშენიანების ხედვა და კონცეფციის შედგენა, ხოლო საბოლოოდ გენერალური გეგის შემუშავება მოჰყვება. გენგეგმის შედგენის პროცესი ეტაპებად იყოფა და ჯამში 1.5 წელს მოიცავს.

„ერთი შეხედვით ცუდი სურათი გვაქვს, ეს კვლევების გარეშეც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია რომ შეამჩნიოს“, - ასე აფასებს მამუკა სალუქვაძე ბათუმში განაშენიანების მხრივ არსებულ მდგომარეობას და განმარტავს: „ის რომ ქაოტური და უსისტემო მშენებლობები მიმდინარეობს ბათუმში ყველასთვის ცნობილია. აქ მასშტაბებზეც აღარ არის საუბარი, არამედ იმაზე, რომ ზღვისპირა ზოლთან ხდება მშენებლობები, რაც ჩვენი აზრით, გამართლებული არ არის. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც დარეგულირებას საჭიროებს.

პირველი ეტაპის საწყის ნაწილზე მონაცემების შეგროვებით ვართ დაკავებულნი. უწყებებში დაგზავნილი გვაქვს წერილები, ეს იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებები, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია თუ ცენტრალური ხელისუფლების საჯარო რეესტრის, გარემოს დაცვის თუ ინფრასტრუქტურის სამინისტროები. მათგან იმ ინფორმაციების მიღებას ვითხოვთ, რაც მათ ბათუმთან დაკავშირებით გააჩნიათ, რაც ანალიზის საშუალებას მოგვცემს“, - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

„სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბათუმში მოკვლევის ეტაპზე არაერთი შეხვედრა გაიმართა საჯარო თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობებთან და მათ მერიის მოვალეობის შემსრულებელთან გამოთქვეს ვარაუდი, რომ გენგეგმის შემუშავების პროცესში შესაძლოა სამშენებლო ნებართვების გაცემის დროებითი შეზღუდვა გახდეს საჭირო, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზე წარადგინეს.

„დაგეგმილი მშენებლობების გადადების საკითხი მერიის წინაშე მკაფიოდ არ დაგვიყენებია, თუმცა ამის შესახებ ვარაუდი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებიდან გამომდინარე გამოვთქვით, რომელიც მერიაში შესულ ძალიან ბევრ სანებართვო განაცხადს და ბევრ დაგეგმილ პროექტს შეეხება.

კვლევის და ანალიზის ეტაპზე ხელი ძალიან შეგვეშლება, თუ ჩვენ არ ვნახავთ ამგავარი მშენებლობების შესაბამისობა კანონმდებლობასთან. პრაქტიკულად შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს ის შრომა, რომელსაც შევასრულებთ. ამიტომ ეს მოთხოვნა რეალისტურია, ძალიან ბევრი გენგეგმის შემუშავების დროს გარკვეული შეზღუდვები ცხადდება, რომელიც მას შემდეგ მოიხსნება, რაც სიტუაციაში გავერკვევით და პროექტებს, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა არ აქვთ კანონთან, მშენებლობის ნებართვები მიეცემათ“, - განმარტავს გენგემაზე მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელი.

მამუკა სალუქვაძე არ გამორიცხავს, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემა „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ თანამშრომლობით მოხდეს.

„დაგეგმილ მშენებლობებს შესაძლოა გარკვეულწილად გავეცნოთ და გარკვეული რეკომენდაციები გავცეთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მერიის სამსახურზე იქნება დამოკიდებული. მერია ამ წინადადებას გაგებით შეხვდა. როდესაც მერია ცდილობს შეიმუშავოს გენგეგმა და გარკვეულ ჩარჩოში მოაქციოს პროცესი, თავად უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ პროექტზე მომუშავე დაქირავებული ორგანიზაცია მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს და შეეძლოს სწორად და ნორმალურად აღიქვას მდგომარეობა. იქ, სადაც გარკვეული ჩარევაა საჭირო მუნიციპალიტეტის მხრიდან, ამაზე მიანიშნოს და იქ სადაც მშენებლობა შესაძლებელია - ისე არ გავაკეთებთ, რომ პროექტს გარკვეული ბარიერები შეექმნას“, - განმარტა სალუქვაძემ.

კითხვაზე, ხომ არ შეაფერხებს ამგვარი გადაწყვეტილება ინვესტიციებს, კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ნაწილობრივ შეაფერხებს.

„რაღაცას შეაფერხებს, ოღონდ დროებით. ჯობია რაღაცა შეაფერხოს დროებით, ვიდრე პროცესები ისევ არასწორად წავიდეს. იმის გამართლებით „ეკონომიკას რა ვუყოთ“ კი ვხედავთ რა მდგომარეობაშია ბათუმი. ეკონომიკისთვის კარგია როდესაც სწორად ხორციელდება პროცესები, როდესაც ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის მისაღები საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოა. დროებითი ღონისძიებები ამისთვისაა განსაზღვრული“, - განაცხადა სალუქვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები