ბათუმის პორტში მშრალი ტვირთები შემცირდა, კონტეინერების რაოდენობა კი გაიზარდა. ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა ტვირთბრუნვის მაჩვენებლები განაახლა.
მონაცემები ცხადყოფს, რომ 2025 წელს ნავსადგურმა 660 გემი მიიღო, რაც 2016 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წელთან შედარებით ნავსადგურში 108-ით მეტი გემი შევიდა.
გასულ წელს ბათუმის პორტმა 109 579 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 18 379 ერთეულით, ანუ 20%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 2023 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდა, თუმცა კვლავ ჩამორჩება 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, როცა კონტეინერების რაოდენობამ 119 471 TEU-ს მიაღწია.
გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავების მაჩვენებელი. შარშან ნავსადგურმა 1.93 მლნ ტონა ამ ტიპის საქონელი გაატარა. კლებაა მშრალ ტვირთებში. კერძოდ, 2025 წელს მშრალი ტვირთების რაოდენობამ 1.714 მლნ ტონა შეადგინა, რაც წლიურად 86 000 ტონით ნაკლებია 2024 წლის მონაცემზე.
ბათუმის პორტს 2008 წლიდან მართვის უფლებით ყაზახური „ყაზტრანსოილი“ ფლობს.



























