მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის განსატვირთად კანონში ცვლილებებია საჭირო“ - COSCO Shipping

63919d63b8abd
ვიქტორია მღებრიშვილი
08.12.22 15:02
1458
თითქმის ერთი თვეა, რაც ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში კონტეინერების გახსნა შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც ავტოიმპორტიორებს, რომლებიც ტერმინალის მომსახურებით სარგებლობენ ტერმინალის ტერიტორიაზე ვადაზე მეტხანს კონტეინერების დაყოვნების გამო, ჯარიმების გადახდა უწევთ. ფინანსური ზარალის გარდა, კომპანიების წარმომადგენლების იმ რეპუტაციულ ზარალზე საუბრობენ, რომელიც მათ ავტომობილების მფლობელებისთვის დაგვიანებით მიწოდებით ექმნებათ.

აღნიშნულ საკითხზე „საქმიან დილაში“ ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის პარტნიორი კომპანია COSCO Shipping-ის კომერციულმა დირექტორმა გივი ჩაჩანიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემა მეორეული ავტომობილების გაზრდილი ტვირთვრუნვის გამო გაჩნდა. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბათუმის ტერიტორიას ტვირთების მომსახურებისთვის საჭირო ფართობიც არ აქვს, რადგან ტერიტორისს ნაწილი მეორეული, დაზიანებული ავტომობილების პარკინგად არის ქცეული.

„დადგენილებით ამ ავტომობილების კონტეინერებიდან გადმოცლა გეზ-ის ტერმინალის ტერიტორიაზე უნდა ხდებოდეს, რაც ბათუმის პორტის შიდა ტერიტორიაა“, - აღნიშნა ჩაჩანიძემ.

კითხვაზე - როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება, COSCO Shipping-ის კომერციულმა დირექტორმა თქვა, რომ ამის ერთ-ერთი გზა კანონში ცვლილებების შეტანაა.

„დღევანდელი კანონმდებლობით კონტეინერების გახსნა გეზ-ის ტერმინალის ტერიტორიაზე უნდა ხდებოდეს. ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს. როგორც კი ჩანაწერში აღარ იქნება გეზ-ის ტერმინალი და მის ნაცვლად ჩიწერება უბრალოდ საბაჟო ტერმინალის ტერიტორია, ავტომატურად სხვა ტერმინალებს ამ ტვირთების მიღების შესაძლებლობა მიეცემა და ეს ბათუმის პორტს გაათავისუფლებს

ახლა ბათუმში ერთი ტერმინალია, რომელსაც კონტეინერების გახსნა შეუძლია, ეს ჩანაწერი რომ არ იყოს გვექნებოდა ოთხი; ასევე ფოთში თუ გვაქვს ოთხი ტერმინალი, ამ ჩანაწერის დაკორექტირების შემთხვევაში გვექნებოდა - 12. ჩანაწერი წინა ხელისუფლების დროს მეტი ტვირთბრუნვის მიზნით გაკეთდა, თუმცა ის საკმაოდ მოძველებულია“, - განმარტა გივი ჩაჩანიძემ.

COSCO Shipping-ის კომერციულმა დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ პორტი ანალოგიური გამოწვევის წინაშე პანდემიამდე - 2019 წელსაც იდგა, რამაც ქვეყანას ტვირთების გატარების დიდი შესაძლებლობა დააკარგვინა.

„ამის მოგვარების კონკრეტული მექანიზმი არ არსებობს, თუმცა საკითხის გადაწყვეტა არ უნდა იყოს რთული. პორტის ტერიტორია არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პარკინგი. მეორადი ავტომობილები იქნება თუ სხვა ტვირთი, მისი გატანა მალევე უნდა ხდებოდეს. ამგვარი პრობლემა 2019 წელს გვქონდა, როდესაც ამერიკული მანქანები ჩამოდიოდა და მათი ტრანზიტი სომხეთში რუსეთში რეექსპორტის მიზნით ხდებოდა. ამის გამო, ჩვენ ძალიან დიდი შესაძლებლობა დავკარგეთ, რადგან გავიჭედეთ, ახლაც ასეთი მდგომარეობა გვაქვს და ბათუმის ტერმინალი გაჭედილია, ეს კი შემდეგ ფოთზეც გადავა“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები