Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველ ნახევარში ბათუმში სულ 7,041 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.
Galt & Taggart-ის შეფასებით, კლების ერთ-ერთი ფაქტორია ის, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სენსიტიურია მიგრანტების ეტაპობრივი გადინებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიმართ, რაც უცხოელი მყიდველების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ნეგატიურად მოქმედებს.
ანგარიშის თანახმად, იკვეთება კიდევ ერთი ტენდენცია, რაც ბათუმის მიმდებარედ არსებულ დასახლებულ პუნქტებში, კვარიათში, ჩაქვსა თუ ქობულეთში სულ უფრო დიდი მასშტაბის დეველოპერული პროექტების დაწყებაა.
"ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და კვარტალურად 2.2%-ით გაიზარდა, რამაც სავარაუდოა რომ, ნაწილობრივ განაპირობა კიდეც შესუსტებული მოთხოვნა. ფასები ასევე გაიზარდა მეორად ბაზარზეც (+2.7% კვ/კვ და +7.7% კვ/კვ, ახალი და ძველი ბინებისთვის, შესაბამისად), წინა თვეებში მცირედი შემცირების შემდეგ.
2024 წლის II კვარტალში ბათუმში სულ 229.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი შემცირებაა და გაყიდვების კლებას ასახავს. ასევე, ბათუმში გაიზარდა იჯარის ფასებიც, რაც სეზონურობით და ტურისტების შემოსვლით იყო გამოწვეული.
ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში (19 და 20 მიმდინარე პროექტი, შესაბამისად) გაფართოვდა. ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი (ჯამში 29 მიმდინარე პროექტი).
2024 წლის II კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი $1,221/მ2-ს გაუტოლდა (+11.0% წ/წ), რაც პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდითაა გამოწვეული. ასევე 2024 წლის II კვარტალში, უძრავი ქონების ბაზრის ზომა ქობულეთში წლიურად 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაღალი ბაზის ეფექტითაა განპირობებული,"- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.