მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში მდებარე ღამის კლუბი Sector 26-ი მთავრობას მიმართავს

60edde15198fd
თამთა ჯიჯავაძე
13.07.21 22:35
11768
ბათუმში მდებარე ღამის კლუბი Sector 26-ი პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ჯანდაცვის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტს, აჭარის მთავრობას და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მიმართავს თხოვნით ობიექტების New soho-ს და MONO HALL Batumi-ს გახსნის უფლება მისცენ.

როგორც Sector 26-ი „ფეისბუქზე“ წერს, პერსონალის 80%-ზე მეტი უკვე აცრილი ჰყავთ და ელოდებიან მუშაობის განახლებას.

„მოგახსენებთ, რომ ბათუმში, ბულვარის სანაპირო ზოლში, ფუნქციონირებს ობიექტი Sector 26, რომელიც ერთ-ერთი საყვარელი დასვენების ადგილია ქალაქის სტუმრებისა და ბათუმელებისათვის. წელს 100-მდე თანამშრომელი, ათობით არტისტი, მომღერალი, თუ კოლექტივი და უამრავი ჩვენი სტუმარი, უკვე თვეზე მეტია მოუთმენლად ელის Sector 26-ის ფუნქციონირების განახლებას. მოგმართავთ თხოვნით, დროულად მოგვცეთ ობიექტებს New soho-ს, MONO HALL Batumi-ს გახსნის უფლება, ჯანდაცვის რეგულაციებით ნებადართული ფორმატით, რესტორნებისა და ღია ტერასებისათვის.

მით უმეტეს, რომ უამრავი კლუბი, რესტორანი თუ საფესტივალო-საკლუბო საღამოები უკვე თვეზე მეტია ფუნქციონირებს როგორც თბილისში, თბილისის შემოგარენში, ბათუმსა და მთელს საქართველოში, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს. უბრალოდ, ჩვენი სურვილია, მხოლოდ ჩვენ არ ვიყოთ ის გამონაკლისი, რომელიც ამ ისედაც რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, თუნდაც შეზღუდული პერიოდით მუშაობის უფლების გარეშე დავრჩებით. აქვე დავამატებთ, რომ ჩვენი პერსონალის 80%-ზე მეტი ვაქცინირებულია.

წინასწარ გიხდით მადლობას და იმედი გვაქვს, გულთან მიიტანთ ჩვენი მრავალრიცხოვანი ჯგუფის თხოვნას, გაითვალისწინებთ რთულ ეკონომიკურ სიტუაციას და გვერდზე დაგვიდგებით“, - წერს Sector 26-ი.

Bm.ge შეეცდება მეტი დეტალის გარკვევისთვის Sector 26-სთან დაკავშირებას.

ცნობისთვის, ჯერჯერობით ღამის კლუბებზე შეზღუდვა მოხსნილი არაა.

გასული წლის სექტემბრის დასაწყისში შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, ბათუმში ოთხი ღამის კლუბი დაიხურა და მათ 10-10 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. მათ შორის იყო სწორედ "სექტორი", "სოჰო", "კონტე" და UP2U. შრომის ინსპექციაში მაშინ განმარტეს, რომ კლუბებმა პანდემიის დროს დაწესებული უსაფრთხოების წესები დაარღვიეს.