ბათუმში რაგბის ორი ახალი სტადიონის მშენებლობისა და არსებული სტადიონის რეაბილიტაციის ₾21 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვა ლეონიძის ქუჩაზე არსებული სტადიონების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
აღნიშნული შესყიდვა წარმოადგენს განმეორებით ტენდერს, რადგან 2024 წლის აპრილში პირველი ტენდერი დოკუმენტაციის განახლებისა და მასში ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შეწყდა.
პროექტის თანახმად, კომპანიებს წინადადებების წარდგენა 21-28 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ.
"ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2018 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (სპორტული ან/და სამაყურებლო ან/და კულტურულ-სანახაობრივი ან/და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობის) სამუშაოები, საერთო ღირებულებით დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ოდენობით,"- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, პროექტის განხორციელება 2024-2026 წლებში არის დაგეგმილი.