მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ახალი პროდუქტი, ტარხუნის პესტო გამოჩნდა - რა გეგმები აქვს ბიომეურნეობა „კაიას“?

ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეა ტარხუნისა და მისგან დამზადებული პესტოს მწარმოებელი ბიომეურნეობა „კაია“ გამოჩნდა. როგორც მისი თანადამფუძნებელი თამარ გულიაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, პესტო ოჯახური რეცეპტით მზადდება, ტარხუნის მოსავალი კი ეკოლოგიურად სუფთად, ქიმიური დანამატების გარეშეა მოყვანილი.

„თბილისის შემოგარენში მოგვყავს ტარხუნის მოსავალი, ცხადია, ბუნებასთან მეგობრობით. ვითვალისწინებთ ბუნების პრინციპებს და ნედლეული ღია გრუნტში მოგვყავს, სადაც მხოლოდ წყლითა და წვიმით ირწყვება. შემდეგ ამ ტარხუნას პესტოდ გადავამუშავებთ, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. რეცეპტიც მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, რაც ჩვენს მეურნეობას ორმაგად უფრო მნიშვნელოვანს ხდის“, - ამბობს გულიაშვილი.

მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე პესტოს რეალიზებას მხოლოდ ონლაინ საშუალებებით ახერხებენ. რაც შეეხება ფასს, 200-გრამიანი ქილის ღირებულება 7 ლარია.

„ჩვენი პროდუქტის ერთ-ერთი ძლიერი მხარე, ხარისხთან და გემოვნურ თვისებებთან ერთად, მისი ფასია. ტარხუნა ბაზარზე საკმაოდ ძვირად ფასობს, წლის განმავლობაში მხოლოდ 1-2 თვეა, როცა ის ხელმისაწვდომია. ამის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ძირითადი მასა სწორედ ტარხუნაა და სხვა ხელოვნურ გამასქელებელ პიურეებს არ ვიყენებთ, ჩვენი ფასი არა საშუალო ან მისაღები, არამედ - იაფია.

პესტოზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. იმ მოსავლის რეალიზებას, რაც წლის განმავლობაში მოგყვავს, თავისუფლად ვახერხებთ. თვის განმავლობაში, დაახლოებით, 200 ქილა პესტოს ვყიდით“, - ამბობს „კაიას“ დამფუძნებელი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, გულიაშვილი ტარხუნის პესტოს ქსელურ მარკეტებში განთავსებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასორტიმენტის გაფართოების შემთხვევაშიც, მთავარ ნედლეულად კვლავ ტარხუნა დარჩება.

„ქსელურ მარკეტებში მოსახვედრად რამდენიმე ფაქტორი გვაქვს გასათვალისწინებელი. ტექნიკური დეტალებია, ლაბორატორიული შემოწმებები და ა.შ. რაშიც ფინანსური დახმარებაც გვჭირდება, თუმცა აუცილებლად ვაპირებთ, წარმოებას ოფიციალური სახე მივცეთ.

ჩვენი მთავარი ორიენტირი ყოველთვის ტარხუნა იქნება. შესაძლოა მომავალში ტარხუნის ეთერზეთები, ძმარი და ზეთიც შემოგთავაზოთ, თუმცა ნედლეული უცვლელი დარჩება“, - აღნიშნავს თამარ გულიაშვილი.

გარდა ამისა, საოჯახო მეურნეობის წევრები საკუთარი პროდუქტით იტალიაში სტუმრობასაც გეგმავენ, რათა მისი საექსპორტო პოტენციალი შეაფასონ: „გვიან შემოდგომაზე ვაპირებთ ვიზიტს, სადაც ადგილობრივ შეფმზარეულებს ჩვენს პესტოს გავასინჯებთ, ცნობილ ბაზილიკის პესტოს შევადარებთ და ვნახავთ, როგორი შედეგებით დავბრუნდებით“.

ბიომეურნეობა „კაია“ ერთ წელზე ნაკლებია, რაც გულიაშვილების ოჯახის პირადი ინვესტიციით შეიქმნა, თუმცა მისი თანადამფუძნებელი თანხის დასახელებისგან თავს იკავებს: „იმედი გვაქვს, რომ საქმე, რასაც ვაკეთებთ და მიგვაჩნია, რომ ქართული საქმეა, ფინანსურადაც საინტერესო აღმოჩნდება და ინვესტიციის სრულად ამოღებასაც მალე შევძლებთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები