მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიო მეურნეობა „კაია“ მიმდინარე წელს საწარმოს ამოქმედებაზე მუშაობას იწყებს

კაია

ქსელურ მარკეტებში შესასვლელად, შესაბამისი საწარმო გვჭირდება. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, საწარმოს ამოქმედებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ ტარხუნისა და მისგან დამზადებული პესტოს მწარმოებელი ბიო მეურნეობა „კაიას“ თანადამფუძნებელმა, თამარ გულიაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საწარმოს მოწყობისა და ამოქმედებისთვის, დაახლოებით 10000 დოლარის ინვესტიცია მაინცაა საჭირო, რისი შესაძლებლობაც არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ მეურნეობა ჯერ კიდევ გასულ წელს წარმოების ზრდასა და ქსელურ მარკეტებში შესვლას გეგმავდა. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებს გარკვეული დროით ქვეყნიდან წასვლა მოუწიათ, რამაც ბიზნესის განვითარება შეაფერხა.

„ქსელურ მარკეტებში მოსახვედრად რამდენიმე ფაქტორი გვაქვს გასათვალისწინებელი. ტექნიკური დეტალებია, ლაბორატორიული შემოწმებები და ა.შ. რაშიც ფინანსური დახმარებაც გვჭირდება, თუმცა აუცილებლად ვაპირებთ, წარმოებას ოფიციალური სახე მივცეთ.

ახლა, ჩვენ პროდუქციას სახლში ვაწარმოებთ, თუმცა წარმოება ხდება ყველა საჭირო სანიტარიულ თუ ჰიგიენური წესის დაცვით და ინდივიდუალურად, პესტოს საწარმოებლად გამოყოფილ ჭურჭელსა თუ მაცივარს ვიყენებთ. თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ საჭირო სტანდარტები დავაკმაყოფილოთ. ამიტომ წელს, საწარმოს მოწყობას ვგეგმავთ, რაშიც დაახლოებით 10000 დოლარის ინვესტიცია მაინც იქნება საჭირო, თუმცა ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ამიტომ, წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამაში ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას, რათა ფინანსური რესურსები მოვიძიოთ“,- აცხადებს გულიაშვილი.

კომპანიის თანადამფუძნებლის ცნობით, საწარმოს განთავსება ქალაქის შემოგარენში იგეგმება, რადგან კომპანიის მეურნეობა სწორედ ქალაქის შემოგარენში მდებარეობს. მასში კი, 6 ადამიანის დასაქმებაა იგეგმება.

„ვფიქრობ, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მიწის დამუშავება შეუძლია, საკუთარი ქვეყნის რესურსის სწორად და სასარგებლოდ გამოყენება შეუძლია, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში და შეიძლება ითქვას, რომ დღესაც ისეთი ფინანსური სარგებელი არ მიგვიღია, როგორი შრომის გაწევაც დასჭირდა ამ ყველაფრის კეთებას. უბრალოდ ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი სურვილი და მოტივაცია“, - განმარტავს თანადამფუძნებელი.

რაც შეეხება ქსელურ მარკეტებში შესვლას, გულიაშვილი ამბობს, რომ წარმოების გაფართოებასთან ერთად, ქსელურ მარკეტებში შესვლა კვლავ იგეგმება. ამჟამად, რომელიმე ქსელურ მარკეტთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

კომპანიის წარმომადგენელი მზარდი მოთხოვნის ტენდენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროდუქციის დისტრიბუციას თავად ახდენენ, თუმცა მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ საკუთარი ძალებით პროდუქციის მიწოდებას ვეღარ აუდიან.

ინფორმაციისთვის, ბიომეურნეობა „კაია“ გულიაშვილების ოჯახის პირადი ინვესტიციით მეორე წელია შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები