ბიო მეურნეობა „ფონა“ გაყიდვების მენეჯერი, მარია გოგოთიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ლაგოდეხში მოსულ სტიქიას მათ კულტურებზე გავლენა არ ჰქონია.
მისი ინფორმაციით, რეგიონში ძირითადად ვენახებია დასეტყვილი. შესაბამისად, პრობლემა ძირითადად მევენახეობა-მეღვინეობას შეეხო.
"ჩვენს ტერიტორიაზე არაფერი მომხდარა, რადგან ტყის პირას გვაქვს კულტურები გაშენებული. უბრალოდ, უხვი ნალექი იყო. უხვმა ნალექმა ცხადია ცოტათი მცირე მცენარეებზე იმოქმედა, თუმცა ისე არა, რომ ზარალის დათვლა დაგვჭირვებოდა.
ჩემი ინფორმაციით, რეგიონში ძირითადად ვენახებია დასეტყვილი. შესაბამისად, პრობლემა ძირითადად მევენახეობა-მეღვინეობას შეეხო", - აცხადებს გოგოთიძე.
მისივე ცნობით, ლაგოდეხის რეგიონში ძირითადად სასათბურე სისტემებია განთავსებული. ძირითადად აზერბაიჯანელი ფერმერები არიან, რომლებსაც კულტურები ღია გრუნტზე არ აქვთ გაშენებული, შესაბამისად ისინი სტიქიისგან მიყენებული ზარალისგან გაცილებით დაცულები არიან.
ინფორმაციისთვის, 22 ივნისს მოსულმა სეტყვამ ლაგოდეხის 10-მდე სოფლის მოსახლეობა დააზარალა. ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. განსაკუთრებით რთული ვითარება შრომასა და ნინიგორის თემში. სტიქიის შედეგად, ასევე, გაანადგურა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები. დაზარალებული ფერმერების თქმით, ვენახების 80% დაზიანებულია.