მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარი უჯდება “დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების შესყიდვა?

დელტა სტყვის საწინააღმდეგო რაკეტა

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია “დელტა” ქვეყანაში სეტყვის პრევენციის სისტემის მართვაზე არის პასუხისმგებელი. კომპანია შესაბამისი რადარული სისტემის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ ღრუბლების მასების მიმართულებით სპეციალურ რაკეტებს უშვებს. 

კომპანია სეტყვადამშლელ რაკეტებს როგორც ტენდერების, ასევე პირდაპირი შესყიდვების შედეგად ყიდულობს. უკანასკნელი ტენდერი ივლისში დასრულდა და მის შედეგად “დელტამ” 925,000 ათას ევროდ 2,500 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა შეიძინა. ხელშეკრულება ბულგარულ კომპანია Styroproject-თან გაფორმდა. შესაბამისად, ერთი რაკეტის ღირებულება 370 ევრო, ანუ 1,040 ლარს შეადგენს. 

“დელტას” მათ მიერ სეტყვის დაშლის მიმართულებით განხორციელებულ ოპერაციებზე უკანასკნელი განცხადება 3 სექტემბერს აქვს გამოქვეყნებული. მაშინ სახელმწიფო კომპანია აღნიშნავდა, რომ 2 სექტემბერს, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში საღამოს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე პერიოდში, 1.4 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე სეტყვის პრევენციისთვის 423 რაკეტა გაუშვეს. 

გასროლილი რაკეტების ღირებულებიდან გამომდინარე, სეტყვის დაშლა კომპანიას 440 ათასი ლარი დაუჯდა. 

"დელტას" თანახმად, მათ მიერ გასასროლი რაკეტების ტექნიკური მონაცემები ასეთია:

  • სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერის სიგრძე - არაუმეტეს 1050 მმ;
  • გამშვები კონტეინერის დიამეტრი - 60±0,2 მმ;
  • რაკეტის სიგრძე - არაუმეტეს 1000 მმ;
  • რაკეტის დიამეტრი დაკეცილი სტაბილიზატორით - 55±0,2 მმ;
  • რაკეტის დიამეტრი გაშლილი სტაბილიზატორით - არაუმეტეს 112 მმ;
  • რაკეტის საწყისი სიჩქარე - 60-70 მ/წმ;
  • რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე - 600-700 მ/წმ;
  • მაქსიმალური ვერტიკალური სიმაღლე 85°-ზე - არაუმეტეს 6000 მ;
  • მაქსიმალური ჰორიზონტალური მანძილი 45°-ზე - არანაკლებ 7500 მ;
  • მეტეოროლოგიური რეაგენტის რაოდენობა - არანაკლებ 400 გრ;
  • რეაგენტის აქტივობა - არანაკლებ 3,21x10 ¹³ ნაწილაკი/გ (-10°);
  • გაფრქვევის დაწყების დრო - 8±2 წმ;
  • რეაგენტის გაფრქვევის ხანგრძლივობა - 35±3 წმ;
  • რაკეტის თვითგანადგურების დრო - გაფრქვევის (ემისიის) დროს + (1-3) წმ;
  • ძაბვა წრედში - 12 V;
  • საიმედოობის კოეფიციენტი- 0,999;
  • შენახვის ვადა - არანაკლებ 3 წელი;
  • ჩათესვის მილის დიამეტრი - არანაკლებ 5მ;
  • აუცილებელია გასაშლელი სტაბილიზატორი;
  • ტექნიკურ დოკუმენტაციაში აუცილებელია რაკეტების ფრენის ტრაექტორიები, ზღვის დონიდან 0-2000 მ სიმაღლემდე 250 მ-იანი ბიჯით, ამაღლების კუთხეებით 45°-დან 85°-მდე - 5°-იანი ბიჯით;
  • განადგურების შემდეგ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო ნაწილებად დაშლა;
  • მწარმოებელს აუცილებლად უნდა გააჩნდეს უვნებლობის სერტიფიკატი,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები