მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში ხალხმა ბიოპროდუქტის შესახებ არ იცის, პირველ რიგში ფასს უყურებენ“ - ბიო მეურნეობა

63f0ae3c4de7e
თინათინ ნატმელაძე
18.02.23 16:06
2206
გასულ წელს ბექა ბარჯაძემ ფონიჭალაში, 1 300 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ბიო სასათბურე მეურნეობა გააშენა, როგორც თავად BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, მისი მთავარი მიზანი ყველა სეზონზე ნატურალური პროდუქტის ხელმისაწვდომობის შექმნა იყო.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მეურნეობა „ბოსტანის“ დამფუძნებელი იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე გვიყვება, რომელსაც წარმოებისა და ქართულ ბაზარზე ოპერირების პროცესში წააწყდა.

ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ფერმერი საზოგადოების ცნობადობას ასახელებს და ამბობს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ბიოპროდუქტის შესახებ თითქმის არაფერი იცის და შეძენისას მხოლოდ ფასს და ვიზუალს აკვირდებიან.

„ძვირიანი სეგმენტია ჩვენი პროდუქტი, მცირე რაოდენობა მოდის და განსხვავებული მოვლა სჭირდება. მომხმარებელი კი ხშირად ამას ვერ ხვდება, სხვა კრიტერიუმებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რის გამოც იმპორტირებულ, დაბალფასიან პროდუქტს ირჩევენ, რომელიც ძირითადად თურქეთიდან შემოდის და ქიმიურ და სინთეზურ სასუქებზეა დამზადებული“, - განაცხადა ბექა ბარჯაძემ.

მისივე ცნობით, წარმოების პროცესს მაღალი გადასახადები და სახელმწიფოს მხირდან ხელშეწყობის არ არსებობაც აფერხებს.
 
„სახელმწიფო თითქოს რაღაცას ცდილობდა თავიდან, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ რთული სფერო იყო და დაივიწყა. არადა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა სულ მინიმალური ხელშეწყობა, ან სუბსიდირება.

მაგალითად, გაზის საფასურის სუბსიდირება - ჩემთვის, რა თქმა უნდა, გაზი მნიშვნელოვანია და დიდი რაოდენობითაც მოვიხმარ სასათბურე მეურნეობაში, თავდაპირველად თითქოს მითხრეს, რომ სამომხარებლო ფასს დამიწესებდნენ, მაგრამ როგორც კი გათბობა დავაყენე და სათბური მოვაწყვე, კომერციული ფასი დამიწესეს, რაც ძალიან ზრდის ხარჯსაც და პროდუქტის საფასურსაც.

ასეთი ხელშეწყობა რომ არსებობდეს ამ სექტორისთვის, რა თქმა უნდა, პროდუქტის ფასიც ბევრად ხელმისაწვდომი გახდებოდა“, - განმარტავს „ბოსტანის“ დამფუძნებელი.

ბიო მეურნეობა დაბრკოლებებს რეალიზების პროცესშიც აწყდება, კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება, რომ სახელმწიფოსთან ერთად ხელშეწყობას ვერც კერძო სექტორისგან იღებს.

„საქართველოში რითეილ ქსელების უმეტესობას ისეთი პოლიტიკა აქვს, რომ მათთან კომუნიკაცია შეუძლებელია. მაგალითად, მიწესებენ ძალიან მცირე მინიმალურ ფასს, რომელიც ჩემი პროდუქტის თვითღირებულებაც არაა, რის გამოც მათთან პროდუქტი ფიზიკურად ვერ შემაქვს. ისინი აქცენტს იმპორტირებულ, კარგი ვიზუალის მქონე პროდუქტზე აკეთებენ, რომელსაც თავისთავად დაბალი ფასი აქვს და შემდეგ ისინი მაღალ მარჟას ადებენ. ამის გამო, ონლაინ მიწოდების სერვისი ავამოქმედე და ამჟმად ამ სისტემას ვიყენებ რეალიზებისთვის“, - ამბობს ბექა ბარჯაძე.

გამოწვევების არსებობის მიუხედავად მეურნეობა 2022 წელს დადებითად აფასებს და სამომავლო გეგმებში ახალი პროდუქტების დამატებასაც ასახელებს. 

აღსანიშნავია, რომ მერუნეობა „ბოსტანმა“ გასულ წელს 4-5 ტონა ბიოპროდუქტი მიიღო და როგორც მისი დამფუძნებელი აცხადებს, წარმადობის გაზრდას არ აპირებს, რადგან ბიო პროდუქტის მთავარი ნიშაც ესაა - მოდის ცოტა და ნატურალური.

კომპანია ამჟამად სრულად ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული და მუდმივად 3 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები