მშრალი ხილის ადგილობრივი წარმოებამ, რომელიც ბაზარზე „კერკის“ ბრენდით პოზიციონირებს, წარმადობა შეამცირა. კომპანიის მმართველი პარტნიორი BM.GE-სთან ოპერირების სირთულეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „კერკის“ წლიური შემოსავალი 0.5 მლნ ლარს არ აღემატება. გენო გელაძის ინფორმაციით, დღეისთვის მაღალმთიან აჭარაში მდებარე საწარმოს დატვირთვა 15%-მდეა შემცირებული.
„სამწუხაროდ, წლიურად „კერკი“ ნახევარ მილიონ ლარის შემოსავალს ვერ სცდება. დღეს ქარხანა, დაახლოებით, 15%-იანი დატვირთვით მუშაობს, შეიძლება არც. ჩვენ ქარხნის შენახვა ინვესტირებით გვიწევს, მაშინ როდესაც შესაძლებლობა გვაქვს, ვიყოთ ბევრად დიდები.
წარმოებაში 5 მიმართულება გვაქვს - ჩირი, სნექი, ხილეული, ტყლაპი, შერეული ხილი - ჯამში სულ 20-მდე დასახელების პროდუქტია. თუმცა სერიოზული წარმოებით უფრო მეტად ექვსი-შვიდი დასახელების პროდუქტი იყიდება.
ჩვენ გვაქვს სადანადგარო-საწარმოო ხაზები, ISO სტანდარტით, ხარისხით გაკეთებული საწარმო, რომელიც ხილის გადამუშავებისთვის ყველა დანადგარს ფლობს, თუმცა ყოველ წელს წარმოებას არათუ ვზრდიდით, არამედ ვამცირებდით“, - ამბობს „კერკის“ მმართველი პარტნიორი და დასძენს, რომ თუ თავიდან წარმოებაში 40 ადამიანი იყო დასაქმებული, წარმადობის შემცირების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობაც 14-15-მდე შემცირდა.
წარმოების შემცირების მიზეზად გენო გელაძე ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ კონკურენციას და ქსელურ მარკეტებში ადგილობრივი პროდუქტის შესვლის სირთულეებს ასახელებს. ის ამბობს, რომ კომპანია ბაზარზე არსებულ სისტემურ პრობლემებს ვერ გაუმკლავდა.
„პრობლემა გვაქვს ამ შემთხვევაში პროდუქტების, სწორი პროდუქტების წარმოება-რეალიზებაში. ეს მხოლოდ სავაჭრო ქსელების ამბავი არ არის. ეს რაღაც კუთხით ჩვენი ბრალეულობაცაა, რომ მშრალ ხილზე არ უნდა შევჩერებულიყავით, მაგრამ სხვა რამეც რომ გვეკეთებინა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ქსელებთან მაინც ადვილად ვითთანამშრომლებდით რა. მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს, ის არის რომ ჩვენ როცა ნატურალურ პროდუქტებს ვაკეთებთ, გვადარებენ არაჯანსაღ პროდუქტებს და უბრალოდ, ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ. ეს სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, სხვა პროდუქტებიც რომ გვქონოდა, იქაც იგივე პრობლემის წინაშე დავდგებოდით.
მაგალითისთვის, მშრალ ხილში ბაზარზე ძალიან ბევრი არაჯანსაღი პროდუქტია - იმპორტირებული, ქიმიკატებით გაჯერებული... გავიგეთ, რომ ეს პროდუქტები რაღაც კუთხით იაფია, შენახვის ვადა აქვს საუკუნო და გაჟღენთილია რაღაცნაირი ქიმიკატებით, სწორედ ამის გამოა იაფი. დიდხანს ინახება, მძიმეა, რაღაცა დანამატებით არის, წყლით და რაღაცებით გაჯერებული. მათთან კონკურენციას ჩვენ ვერ ვუძლებთ. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში ფასი იმარჯვებს. ჩვენ სულ ამას ვითხოვთ, რომ მიგვიშვით მომხმარებლამდე, იყოს ისიც და სხვა პროდუქტიც, ანუ ბაზარზე იდოს ჯანსაღი და არაჯანსაღი, კარგად წარმოვაჩინოთ და მერე ვნახოთ - რას აირჩევს მომხმარებელი.
5 წლის წინ წარმოების ამოქმედებისას გვეგონა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღ პროდუქტზე მოთხოვნა იქნებოდა, თუმცა არ აღმოჩნდა ასე. ამასთან, 5 წლის წინ არ ვიცოდით, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლა ასეთი ძვირად ღირებული სიამოვნება იქნებოდა. შესაბამისად იმ პრობლემებს, რომლებიც ბაზარზე დაგვხვდა იმდენად სისტემური იყო, რომ ფიზიკურად ვეღარ მოვერიეთ. როცა გეუბნებიან, რომ შენ ისე უნდა გაყიდო პროდუქტი, როგორც იყიდება არაჯანსაღი და ამ დროს შენ წარმოება მაღალი ხარისხით გაქვს გამართული, ამ კონკურენციაში ვეღარ შედიხარ. რომელიღაც ქსელი რომ გეუბნება, რომ სამწუხაროდ, ვერ შეგიშვებს რადგან იმპორტირებულ რომელიღაც კომპანია შედის მხოლოდ, მათ ფიზიკურად ვეღარ ელაპარაკები“, - განმარტავს გენო გელაძე.
„კერკის“ მმართველი პარტნიორი ადგილობრივი წარმოებისთვის გამოსავალს ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობაში ხედავს. ის ამბობს, რომ „ფასების საპარლამენტო კომისიის“ დასკვნაში გაწერილი „კერძო ეტიკეტირების“ საკითხი როგორც მარკეტებს, ისე მწარმოებელს „ორმხრივად სასარგებლო შედეგებამდე მიიყვანს“.
„ჩვენ დავიწყეთ ფიქრი გამოსავლებზე და ბოლო თვეებში არსებული ვითარების გათვალისწინებით, „კერძო ეტიკეტირების“ საკითხი დავინახეთ შესაძლბელობად. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში ქსელებს ექნებათ ინტერესი, რომ მათი სახელით ვაწარმოოთ პროდუქტი და აღარ დაგვჭირდება ამდენი მოსაკრებელი, რაც მათთან შესასვლელად მწარმოებლებს სჭირდებათ“, - განაცხადა გელაძემ.
კომპანიის მმართველი პარტნიორი ქსელების მხრიდან ასეთი თანამშრომლობის მზაობის შემთხვევაში დამატებით ინვესტირებასაც განიხილავს, რათა ჩირისა და სნექის წარმოებას, სხვა პროდუქტის წარმოების ხაზებიც დაემატოს.
„თუკი იქნება ინიციატივა და ინტერესი და თანხმობა, ჩვენ ძალიან მალევე გავაკეთებთ ინვესტირებას და პურ-ფუნთუშეულის წარმოების ახალ დანადგარებს დავამატებთ. რასაც ჩვენ ვუყურებთ დახლებზე, ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია ისე, რომ დანადგარებიც კი მოძიებული გვაქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამშრომლები გვყავს ძალიან მაგარი“, - აღნიშნავს „კერკის“ მმართველი პარტნიორი.




























