სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASPs) რეგისტრაციისა და რეგულირების წესში შესული ცვლილებები ბუნებრივი განვითარების გზაა, რომელიც მომხმარებლის უსაფრთხოებას ემსახურება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASP) რეგულირების წესი განაახლა. ცვლილებები ითვალისწინებს მომსახურების პროვაიდერებისთვის რისკების მართვის ჩარჩოსა და მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურების შემთხვევაში დამატებით მოთხოვნებს. შესაბამისი ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 26 აგვისტოს გამოსცა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული მოთხოვნების გავლენაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრეს.
ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციის დირექტორი გვანცა მეუნარგია ამბობს, რომ პროცესში სექტორი ჩართული იყო. მისი მოლოდინია, რომ მომხმარებლის დაცულობის ზრდის პარალელურად, მოთხოვნებთან შესაბამისობა კომპანიებისთვის მეტ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.
"პროცესი იყო ჩართულობითი. მოულოდნელი არ იყო, იმიტომ რომ კანონი ითვალისწინებდა და ჩვენ ველოდით რეგულაციების ცვლილებებს. ეს არ არის ერთადერთი აქტი, რაც აგვისტოში შეიცვალა - რამდენიმე ერთდროული ცვლილება მიიღო ეროვნულმა ბანკმა, რასაც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს კრიპტო ბაზარი უკვე და, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა ფულის გათეთრების კანონმდებლობას უყურებდა მხოლოდ ზედამხედველი, დღეს უკვე ფინანსურ მდგრადობაზე, სრულ ზედამხედველობაზე არის საუბარი მისი მხრიდან. პროცესში ჰქონდა სექტორს შესაძლებლობა, რომ დაებრუნებინათ თავიანთი კომენტარები და მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, და სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ეს კომუნიკაცია, მათ შორის, ჯანსაღად შედგა და ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა სექტორის პოზიციები. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც მინიმალური კაპიტალის ოდენობა სხვა [უფრო მაღალი] იყო წარმოდგენილი პირველ ვერსიაში. ეროვნულ ბანკს ჰქონდა ამის არგუმენტები რეგიონის რისკებიდან და ა.შ. გამომდინარე, თუმცა იმის შიშით, რომ ბაზარს ჰქონდა მოსაზრება, რომ შეიძლება ეს ყოფილიყო დამაბრკოლებელი გარემოება განვითარებისთვის, ახალი ბაზრებისთვის, ეროვნულმა გაითვალისწინა მათი რეკომენდაცია და დასწია თანხები, რომელიც არის 150 000 ლარი აქტივების გადაცვლა-გადაცემის შემთხვევაში, ბირჟის ქონის შემთხვევაში — 350 000 ლარი, ხოლო ყველა სხვა მომსახურების შემთხვევაში — 250 000 ლარი.
ჩვენი [ასოციაციის წევრების] რაოდენობა თავდაპირველი რიცხვიდან გაორმაგებული არის — 7-ით დაიწყო და 14-მდე ავიდა. ზოგადად კრისტალიზაციასთან დაკავშირებით: მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის სხვა დონეს ითხოვს უკვე კომპანიებისგან ეს რეგულაციები და გასაგებია, რომ მომხმარებელი გაცილებით მეტად დაცული იქნება, მაგრამ ეს ხარჯსაც მეტ-ნაკლებად გაზრდის, კონკურენციას ხელს შეუწყობს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უკვე კომპანიის გადასაწყვეტი იქნება, ამ გაზრდილ ხარჯს სად გაატარებს და ინდივიდუალურად მათი გადასაწყვეტი იქნება, საბოლოოდ მათი პროდუქტი რა ეღირება.
პასუხისმგებლიან, თანამედროვე, გამართულ კომპანიებს მივიღებთ საბოლოო ჯამში. რაც შესაძლოა შედეგობრივად მივიდეს იქამდე, რომ დაწურავს იმ რიცხვს [კომპანიების], რაც დღეს არის - შესაძლოა ამის რისკი არსებობდეს - თუმცა მომხმარებელი მეტ-ნაკლებად უფრო მეტად დაცული იქნება იმ პროდუქტით, რასაც მომავალში მიიღებს. ეს, მათ შორის, მარეგულირებელს, როგორც თვითონაც ამბობენ, გარანტიებს უქმნის მარეგულირებელს დამატებითი პროდუქტები — რაც საერთაშორისო ბაზარზე დაშვებული არის და ჩვენს კომპანიებს ჯერჯერობით არა აქვთ — გაეხსნათ მათ. შესაბამისად, გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი, რეგიონში და სხვა იურისდიქციებთან მიმართებაში, კომპანიები შეიძლება მივიღოთ ძალიან მალე",- ამბობს გვანცა მეუნარგია.
Clarsen -ის თანადამფუძნებელი და პარტნიორი გიორგი კირეულიშვილი აღნიშნავს, რომ რეგულაციების გავლენით ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვან გართულებას არ ელის.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რა თქმა უნდა, არის საწესდებო კაპიტალი, თუმცა რისკებისადმი მიდგომა არის ალბათ კიდევ ერთი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყოს. დაწესდა მოთხოვნა, რომ ბიზნესის უწყვეტობის და კიბერუსაფრთხოების რისკების შეფასება და აუდიტი ჩატარდეს ყოველწლიურად. თუმცა ეს არ არის სარეგისტრაციო მოთხოვნა, მოდი მაგასაც ვიტყვი - რეგისტრაციიდან ერთი წლის ვადაში უნდა გაკეთდეს ეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისგან. ეს რეალურად ზუსტად იმას, ეხმაურება, რომ ვითარდება ბაზარი, ვითარდება ზედამხედველობა ამ სუბიექტებზე და უსაფრთხოების ზომებისკენ უფრო გადადგმული ნაბიჯი არის ეროვნულის მხრიდან ეს მოთხოვნა.
ბოლო დროს მოთხოვნაც ჩვენთანაც ბევრი იყო VASP-ის რეგისტრაციაზე და საკმაოდ მომხიბვლელი ბაზარი არის და არ მგონია, რომ ეგ შეიცვლება, სიმართლე რომ ვთქვა - მომხიბვლელი ბაზარი დარჩება. ოდნავ გართულდება ბაზარზე შესვლა, მაგრამ ასე საგრძნობლად, ჩემი აზრით, არა. კარგი ერთი რაც მინდა რომ ვთქვა: არსებული მოთამაშეებისთვის, უკვე დარეგისტრირებული VASP-ებისთვის არის ეგრეთ წოდებული ბუფერული პერიოდი, რომ ახალ რეგულაციებს მოერგონ და გარდამავალ პერიოდში მოახერხონ ახალ მოთხოვნებთან შეხვედრა. ეს ყველა ნაბიჯი არის, საბოლოო ჯამში მომხმარებლის უსაფრთხოებისკენ გადადგმული და მე მგონია, რომ სწორი და ბუნებრივი განვითარების გზა არის ეს, რაც ხდება",- ამბობს გიორგი კირეულიშვილი.
"კრიპტალის" მმართველი პარტნიორი იოსებ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებები ბაზრის კრისტალიზაციას შეუწყობს ხელს.
"ეს სტანდარტები, რაც შემოვიდა, უბრალოდ ფორმალიზება მოხდა, თორემ არაფორმალიზებულად ყველა სერიოზული ბიზნესსუბიექტი ისედაც აკმაყოფილებდა ამ სტანდარტებს. განსაკუთრებით ჩვენნაირი ბიზნესოპერატორებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტების ქონა, ასევე საზედამხედველო კაპიტალის ქონა, იმიტომ რომ სხვის შეცდომაზე რომ ვისწავლოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ აქამდე რაც მომხდარა - იგივე FTX-ის შემთხვევა და მსგავსი კიდევ, ჰაკინგის შედეგად Mt. Gox-ი და მსგავსი ბირჟები, რომლებიც გაქრა და მომხმარებელმა მილიარდობით დოლარი დაკარგა, ჩვენთან მიკრომასშტაბზე რომ იგივე არ მოხდეს, აქეთ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი რეგულატორის მხრიდან.
ცვლილებები ჩემი აზრით, შეუწყობს ხელს ბაზრის კრისტალიზაციას, რაც კარგი არის, იმიტომ რომ შედარებით არასერიოზული ბიზნესსუბიექტისთვის უფრო რთული იქნება ოპერირება. ერთი ოდნავ ნეგატიური ფაქტორიც რომ გამოვყოთ: ამან საბოლოო ჯამში, თეორიულად, შეიძლება სერვისების გაძვირებისკენ წაიყვანოს ინდუსტრია, მაგრამ მომხმარებლის კუთხითაც შეიძლება უკეთესი იყოს ოდნავ უფრო ძვირი, მაგრამ დაცული სერვისი, სხვა წყაროებით რაღაცის კეთება, რომელსაც სხვა რისკები ახლავს თან - ფულის დაკარგვის რისკებია, ასე ვთქვათ",- აღნიშნა იოსებ ბოლქვაძემ.
























