„საქართველომ შეიძლება შეითვისოს ირლანდიის გაკვეთილები, საქართველო შეიძლება იყოს აღნიშნულ რეგიონში ირლანდიის რესპუბლიკა“, - ამ სიტყვებით მიმართა BBC-ის უფროსმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯოი ლინამიმ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებს საინვესტიციო პანელის დაწყებამდე.
BBC-ის უფროსმა ბიზნეს კორესპონდენტმა, რომელიც საინვესტიციო პანელის მოდერატორია, რამდენიმე წუთიან გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა ირლანდიის ტრანსფორმაცია.
„მე BBC-ში ვმუშაობ, მაგრამ ირლანდიელი ვარ და მინდა, ყველას მოგითხროთ ისტორია, მცირე, ღია რესპუბლიკაზე, თუ როგორ მოახდინა მან საკუთარი თავის ტრანსფორმაცია. რადგან ვფიქრობ, რომ გაკვეთილები უნდა შევითვისოთ; როდესაც დავიბადე, 70-იან წლებში, ირლანდია ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო დასავლეთ ევროპაში, სოფლის მეურნეობაზე დამყარებული. ახალგაზრდები ემიგრაციაში მიდიოდნენ, ქონების გადინება ხდებოდა და ქვეყნის ვაჭრობის 60% ერთ დიდ, მძლავრ მეზობელთან მიედინებოდა; ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მოხდა ინვესტირება იფრასტრუქტურაში, გონებრივ ძალაში, გადაიხედა დაბეგვრის რეჟიმი. წელს ირლანდია ევროკავშირში მეორეა სიმდიდრით, მხოლოდ მცირედთ უსწრებს ლუქსემბურგი. საქართველომ შეიძლება შეითვისოს აღნიშნული გაკვეთილები. საქართველო შეიძლება იყოს ირლანდიის რესპუბლიკა აღნიშნულ რეგიონში. აბრეშუმის გზის ინიციატივა შეიძლება გახდეს ძირითადი ტრანსფორმაციის დასაწყისი ამ ქვეყანაში. ის, რაც ამ ქვეყანას გაამდიდრებს და საკუთარი ახალგაზრდობისთვის სახლად აქცევს“, - განაცხადა ლინამიმ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღე უკვე დაიწყო. დისკუსიის ძირითადი თემაა - „ინვესტირება წარმატებისთვის“. პანელზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაა.




























