"საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს - ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ" - ამ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკეთებს. საერთაშორისო ფასზე იაფად საწვავის შემოტანაში ეკონომიკის სამინისტრო რუსული საწვავის შესყიდვას გულისხმობს, რომელიც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაბალი ფასის გამო საქართველოსთვის ბენზინის წამყვან მომწოდებლად იქცა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფასების ზრდა მოსალოდნელია "არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას. საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება"- წერს სამინისტრო.
თუმცა, საქართველოს ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში რუსეთიდან საწვავის რეგულარული იმპორტი ფაქტობრივად აღარ განხორციელებულა. მიზეზი რუსეთის მხრიდან საწვავზე დაწესებული მაღალი ფასია. როგორც ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რუსეთი ქართველ ნავთობიმპორტიორებს საწვავს ფასდაკლებით აღარ აძლევს.
„ბოლო 1-2 თვის განმავლობაში არანაირი პროგრესი რუსულ ბაზართან არ გვაქვს. არანაირი რეგულარული შემოტანა რუსეთიდან არ ხდება. საქმე ისაა, რომ ქართული კომპანიები უცდიან, რომ ხელსაყრელი ფასები შემოგვთავაზონ. ის პირობები შემოგვთავაზონ რა პირობებსაც მიგვაჩვიეს თავიდან.
თუ რუსეთი არ მომცემს საწვავს იმაზე იაფად, ვიდრე შემომაქვს ევროპიდან, მაშინ არ ავიღებ. არავის დაუჯეროთ, რუსეთიდან არანაირი დიდი მოძრაობა ნავთობპროდუქტებზე არ არის. არც ზღვიდან და არც რკინიგზიდან. ჩვენ ვართ მოლოდინში. იქნება ახალი წინადადებები? იქნება იმაზე მისაღები, რაც მაქვს ევროპიდან? არა?“ მაშინ არ მინდა!. ზოგჯერ უფრო იაფია ევროპული დღეისთვის“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1092,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1056,1 ათასი ტონა) შედარებით 36,4 ათასი ტონით ანუ 3,4%-ით მეტია. ამ პერიოდის განმავლობაში საწვავის მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია.
მთავარი საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: რუსეთი - 691,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 162 ათასი ტონა - 14,8%; ბულგარეთი - 82,1 ათასი ტონა - 7,5%; აზერბაიჯანი - 69,4 ათასი ტონა - 6,4%; ბელარუსი - 25 ათასი ტონა - 2,3%; თურქმენეთი - 24 ათასი ტონა - 2,2%; საბერძნეთი - 20,6 ათასი ტონა - 1,9%