გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ღვინის ინსტიტუტში ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარი ჩატარდა, სადაც ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარების ისტორიის, ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობის, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიის და ძირითადი მიზნების პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, ღონისძიებას, რომელსაც გერმანიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ივონე ჰეისტერმანი უძღვებოდა, მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები და ღვინის ენთუზიასტები დაესწრნენ. ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ და ღვინის ინსტიტუტის "Deutsche Wein und Sommelierschule“ ჩართულობით გაიმართა.
"ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან გერმანიაში 674 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32% შეადგინა", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ცნობისთვის, ქართული ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია, რომელზეც მიმდინარე წლის 5 თვეში ექსპორტირებული ღვინის 74.3% მოდიოდა.
იანვარ-მაისის მონაცემებით, TOP-10 საექსპორტო ბაზარი კი ასე გამოიყურება:
- რუსეთი - $104.5 მლნ, 38 661 ტონა;
- პოლონეთი - $6.4 მლნ, 2 608 ტონა;
- უკრაინა - $4.9 მლნ, 1 778 ტონა;
- ყაზახეთი - $3.9 მლნ, 1 232 ტონა;
- ბელარუსი - $3 მლნ, 1 073 ტონა
- აშშ - $2.9 მლნ, 486 ტონა;
- ჩინეთი - $2.9 მლნ, 824 ტონა;
- გერმანია - $2.5 მლნ, 573 ტონა;
- ლატვია - $1.7 მლნ, 457 ტონა;
- ლიეტუვა - $878 ათასი, 141 ტონა.