ბათუმში ამოქმედებეული თხილეულის ჯანსაღი კარაქის საწარმო Better Butter, აჭარის რეგიონული ახალგაზრდული ცენტრის დაფინანსებით წარმოებას ზრდის, ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ნინა შარაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ცნობით, წარმოების დაწყების იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, თავდაპირველად სხვა ბიზნესგეგმა ჰქონდათ, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე შეცვლა მოუწიათ და გადაწყვიტეს, ისეთი პროდუქტი შეექმნათ, რომელიც თან ჯანსაღი და თან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა.
"ბაზარზე წელიწადნახევარის წინ გამოვჩნდით, საწარმო ბათუმში ავამოქმედეთ. წარმოშობით ბათუმელები ვართ, ამიტომ ჩვენს ქალაქში დაბრუნება და საქმიანობის იქ წამოწყება გადავწყვიტეთ. იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, თუმცა პანდემიისგან გამოწვეულმა დაბრკოლებებმა მისი შეცვლა გვაიძულა. თხილეულის კარაქი ძალიან გვიყვარს, ამიტომ გადავყწვიტეთ, ის თან ჯანსაღი და თანაც მომხარებლებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ამის გამო წარმოების გაზრდა გადავწყვიტეთ და ცოტა ხნის წინ აჭარის რეგიონული ახალგაზრდული განვითარების პროგრამის 15 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, რასაც ჩვენი 15%-იანი თანამონაწილეობა დაემატება და საერთო ჯამში 17 000 ლარის ინვესტიციით წარმოებას ვაფართოებთ. დანადგარები უკვე შეკვეთილი გვაქვს და მომავალი წლიდან უკვე ფართო წარმოებით წარვდგებით", - ამბობს ნინა შარაძემ.
Better Butter რამდენიმე სახეობის - მიწისთხილის, ნუშისა და შოკო კრემის კარაქს აწარმოებს და როგორც მისი თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ყველა მათგანს თავისი მომხმარებელი ყავს.
"ყველაზე პოპულარული მიწისთხილის კარაქია, რადგან ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ორგანული პროდუქტი გახდა. ცოტა ხნის წინ შოკო კრემი დავამატეთ, რომელიც ქიმიურ დანამტებს არ შეიცავს და ძირითადად ბავშვებისთვის ყიდულობენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოპულარული ნუშის კარაქია, რადგან ბევრად უფრო ძვირი ღირს. ნუში ისედაც ძვირადღირებული პროდუქტია, ამიტომ მხოლოდ იოგის მიმდევარები, ან ვეგანები მოიხმარენ. საერთო ჯამში, ყველა პროდუქტს თავისი მომხმარებელი ჰყავს", - აღნიშნავს ნინა შარაძე.
წარმოებას თან გამოწვევებიც ახლავს, Better Butter-ის თანადამფუძნებლის ცნობით, ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე დიდ კომპანიებთან კომუნიკაცია იყო, ამას ყოველდღიური, ტექნიკური პრობლემებიც ემატებოდა, რომელიც გამოუცდელობიდან მომდინარეობდა.
"სირთულეები, რა თქმა უნდა, იყო - საწყის ეტაპზე, რეცეპტების დატესტვა, შემდეგ მოულოდნელი დაბრკოლებები, რომლისთვისაც გამოუცდელობიდან გამომდინარე მზად არ ვიყავით, მაგალითად საკურიერო კომპანიების გაუმართავობა, ბუღალტრული პროცესების შეფერხება და ა.შ. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდა, ამჟამად პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს.
ყველაზე დიდი სირთულე კი დიდ კომპანიებთან ურთიერთობა იყო, როცა ცნობილი არ ხარ, შენთან შეხვედრაზეც კი უარს ამბობენ, კარგი იქნებოდა დიდი ბიზნესები დამწყებ სტარტაპებს ამ მხრივ ხელს უწყობდნენ", - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ამჟამად Better Butter-ის პროდუქცია ბათუმისა და თბილისის სხვადასხვა პატარა მაღაზიებშია წარმოდგენილი. წარმოების ხელმძღვანელები სამომავლოდ ექსპორტსაც გეგმავენ, რასაც კომპანიის განვითრების გრძელვადიან სტრატეგიაში მოიაზრებენ. ნინა შარაძე აღნიშნავს, რომ დღეს წარმოებას 2 ადამიანი მართავს, მომავალში კი წარმოების გაზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.
ცნობისთვის: Better Butter-ის თანადამფუძნებელი BM.GE-სთან კომპანიის საფასო პოლიტიკასაც განიხილავს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თხილეულზე ფასი მზარდია, პროდქუცია არ გაუძვირებიათ, რადგან საწყისი ფასის შენარჩუნებას ცდილობენ, შესაბამისად Better Butter-ის სხვადასხვა პროდუქტის ღირებულება დღეისთვის 15-დან 40 ლარამდეა.