მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი კომპანიისთვის გამოწვევად რჩება ე.წ. ტაბელის წარმოება“ - დამსაქმებელთა ასოციაცია

6257f78e8990d
თათია ჩაფიჩაძე
14.04.22 23:40
917
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ლაბაძის განცხადებით, ამოქმედებული შრომის უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილება ბევრი კომპანიისთვის დღემდე პრობლემაა. ერთ-ერთ ასეთ გამოწვევად სახელდება ე.წ. ტაბელის ცხრილის წარმოება. ლაბაზე ამბობს, რომ კომპანიების ნაწილის შეფასებით, სამუშაო საათების აღრიცხვა ყველა ტიპის კომპანიაზე არ უნდა ვრცელდებოდეს.

„ბევრი კომპანიისთვის დღემდე გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილება. ერთ-ერთ ასეთად რჩება ე.წ. ტაბელის ცხრილის წარმოება. ალბათ ამ ეტაპზე ცოტა რაოდენობაა იმ კომპანიების, რომლებიც ზუსტად ახორციელებენ აღრიცხავს. დიდი კომპანიების შემთხვევაში ეს რთულია თანამშრომელთა რაოდენობიდან გამომდინარე. მცირე და საშუალო კომპანიებშიც პრობლემაა მათი რესურსებიდან გამომდინარე.

ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს შრომის ინსპექციასთან და ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც ისინი ასახავენ ხოლმე, ვცდილობთ კომპანიებისთვის იყოს გასაგები. თუმცა ბევრი კომპანია ობიექტურად თვლის, რომ მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი და აუცილებელი რომ აწარმოონ ტაბელის ცხრილი", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ლაბაძემ და სამომავლოდ დაგეგმილი ახალი რეგულაციების სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ცნობილია, საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს. შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს იქნება რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს, სამუშაო ადგილზე როგორი უნდა იყოს განათება, სივრცითი მოწყობა, ტემპერატურა.

გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, რომელიც მაგალითად ითვალისწინებს ფეთქებად გარემოში ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს, და რომელიც ეტაპობრივად უნდა ამოქმედდეს.

„აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები გვქონდა შრომის ინსპექციასთან. ჩვენი წევრი კომპანიები და დაინტერესებული ასოციაციებიც იყვნენ ჩართულები. მაქსიმალურად ამომწურავად ვაწვდიდით იმ რეკომენდაციებს და შენიშვნებს, რომელსაც ვიღებდით ბიზნესის მხრიდან, რადგან მათი პოზიციები ყოფილიყო მაქსიმალურად გათვალისწინებული.

იქნებიან კომპანიები, რომლებსაც გაუჭირდებათ როგორც ამ, ისე სხვა მოთხოვნების შესრულება, რომელსაც ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ მათ უყენებს, თუმცა ამ რეგლამენტთან დაკავშირებით იქნება გარდამავალი პერიოდი, მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული ის გავლენები, დანახარჯები, რომელიც შეიძლება ამ დადგენილების ამოქმედებამ გამოიწვიოს.

შრომის უსაფრთხოების კანონი ნაწილობრივ არეგულირებდა ამ პროცესებს იგივე სახანძრო უსაფრთხოებას თუ სხვას, მაგრამ ახლა უფრო დაკონკრეტდა მოთხოვნები, დაემატა თემატური მაჩვენებლები, სამუშაო სივრცეები როგორ უნდა იყოს მოწყობილი, რა განათების მინიმალური მოთხოვნები უნდა იყოს და ა.შ. პირველ ვერსიაში ჩვენი ხედვით ზედმეტი მოთხოვნები იყო და სიღრმისეული განხილვები გვქონდა, რათა დაგვერწმუნებინა ინსპექცია რომ მინიმალური მოთხოვნები დარჩენილიყო.

რა თქმა უნდა, კომპანიებისთვის, რომლებიც მოძველებულ ინფრასტრუქტურას ფლობენ, რთული იქნება გადაწყობა, ეს პირდაპირ კავშირშია ფინანსურ დანახარჯებთან, პანდემიის, ომის პირობებში, ბევრ კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემა. იქნება გარდამავალი პერიოდი, რა დროსაც შეეძლებათ გამოასწორონ და მოერგონ ახალ მოთხოვნებს.“ - განაცხადა ლაბაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები