ბევრი მომივა, ეროვნული ბანკი ისედაც გაბრაზებულია ჩემზე - ასე პასუხობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე ექნება თუ არა ინიციატივები ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით.
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს და როგორც ლაშა პაპაშვილმა მის დაწყებამდე განმარტა, ძირითადი განსახილველი საკითხები მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნება, რომელიც მოიცავს ლარის თემას, საბანკო რეგულაციებს და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლაშა პაპაშვილმა ეროვნული ბანკი გააკრიტიკა და ლარის კურსის დასტაბილურებისთვის რეზერვების დახარჯვისკენ მოუწოდა - “საქართველოს რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, რისთვის აგროვებს ეროვნული ბანკი მე არ ვიცი...”- თქვა ბიზნესმენმა და კობა გვენეტაძის უწყებას საბანკო რეგულაციების შერბილებისკენაც მოუწოდა.
მოგვიანებით ლაშა პაპაშვილს თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა და განმარტა, რომ სებ-ი დამოუკიდებელია და მსგავს მოწოდებებს არ უნდა აჰყვეს.




























