მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი ქვეყანა ინვესტიციას დებს ჩინელი ტურისტების მოსაზიდად, საქართველომ ეს მარტივი სვლით შეძლო - პოლოლიკაშვილი

გაერო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ქართულ ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

“ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში 3-4 კვირის წინ შევიდა. ეს ხელს შეუწყობს ჩინელი ტურისტების ვიზიტებს, რომლებიც, როგორც მასშტაბით, ისე მსყიდველუნარიანობით გამოირჩევიან. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. ბევრი ქვეყანა ინვესტიციას დებს ჩინელი ტურისტების მოსაზიდად, ჩვენს შემთხვევაში ეს მარტივი სვლით გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას”, - ამბობს პოლოლიკაშვილი.

მან განცხადება მედიასთან გააკეთა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს. პოლოლიკაშვილის თქმით, ფორუმი რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია და ტურიზმის ნაწილსაც მოიცავს.

“აბრეშუმის გზა უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ფორუმად და ის, რომ მასშტაბური დელეგაციები ესწრებიან და 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული, უკვე მეტყველებს ამაზე.

რა თქმა უნდა, როდესაც ამდენი ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული, ნიშნავს, რომ ფორუმზე ტურიზმის ნაწილიცაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია დღევანდელ გარემოში, როცა სხვადასხვა სახის გამოწვევებია რეგიონში. რამდენიმე თვეა, რაც ჩინეთი გაიხსნა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია ტურიზმის სექტორში, რასაც მივესალმებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ღონისძიებას”, - აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას განიხილავს - მინისტრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები