მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი წელია ფულადი გზავნილები ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა - ირაკლი ჟვანია

ირაკლი ჟვანია

"ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის. ბევრი წელია ის ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა", - ეს BMG-ის აუდიტორული & საკონსულტაციო კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ჟვანიამ განუცხადა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, შარშან საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ფულად გზავნილებს 12%-იანი წილი ჰქონდა. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 13%-ს აჭარბებდა.

"იზრდება გზავნილები, მათ შორის იზრდება ქვეყნების ჭრილი საიდანაც ვიღებთ ამ ჩარიცხვებს და უკვე შარშან გადააჭარბა ამერიკის და იტალიის მაჩვენებლებმა რუსეთის მაჩვენებლებს. იყო პერიოდი, ასე ვთქვათ, ორი წლის წინ, როცა რუსეთის გზავნილები ძალიან გაიზარდა, ეს განპირობებული იყო იქ მიმდინარე მოვლენებით. წელსაც უკვე 9 თვის მონაცემებით 2,7 მილიარდი დოლარია და ალბათ შარშანდელ მონაცემს, რომელიც 3,4 მილიარდი დოლარი იყო, გადააჭარბებს, იმიტომ, რომ წლის ბოლო თვეებში საახალწლოდ ჩარიცხვები განსაკუთრებით იზრდება ხოლმე", - ამბობს ის.

ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი 4.4 მილიარდი დოლარი საქართველომ 2022 წელს მიიღო. ეს ყველა დროის რეკორდი იყო, თუმცა ზრდა ომს და საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს უკავშირდებოდა. ამ 4.4 მილიარდი დოლარიდან თითქმის ნახევარი რუსეთიდან გადმოირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთჯერადი ფაქტორი მიილია და რუსეთიდანაც გადმორიცხვები შემცირდა, ფულადი გზავნილები მაინც იზრდება ძირითადად ევროკავშირისა და აშშ-ის ხარჯზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს 9 თვეში გზავნილების სახით 2.7 მილიარდი დოლარი მივიღეთ.

წელს ევროკავშირის წილი გზავნილებში ყველა დროის რეკორდზეა. ბოლო ხუთ წელში ფულადი გზავნილები ევროკავშირიდან 763 მლნ დოლარიდან 1.4 მილიად დოლარამდე გაიზარდა.

უკვე მეორე წელია ფულად გზავნილებში რუსეთმა პირველობა დაკარგა და საქართველო უფრო მეტს ამერიკიდან და იტალიიდან იღებს. წელს აშშ-დან საქართველომ 501 მლნ დოლარის გზავნილი მიიღო; მეორე ადგილზეა 459 მლნ დოლარით იტალია, მესამეზე კი რუსეთი 344 მლნ დოლარით, გერმანიიდან და საბერძნებიდან 231 და 215 მლნ დოლარი მივიღეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები